თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებზე - მათ ავიწყდებათ ერთი მარტივი ფორმულა, რომ ხელნაწერები არ იწვის და ხელმოწერებიც, რომელიც  შესაბამის დოკუმენტებზეა გაკეთებული, ასევე არ იწვის

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებზე - მათ ავიწყდებათ ერთი მარტივი ფორმულა, რომ ხელნაწერები არ იწვის და ხელმოწერებიც, რომელიც  შესაბამის დოკუმენტებზეა გაკეთებული, ასევე არ იწვის

ამ ე.წ. პარტიებს, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მის განშტოებებს აბსოლუტურად არ აქვთ გააზრებული, რას ნიშნავს კონსტიტუციური წესრიგი, რას ნიშნავს სახელმწიფო სუვერენიტეტი, ან აქვთ გააზრებული, თუმცა მიზანმიმართულად ავლენენ იმგვარ სულისკვეთებას, რომელიც აბსოლუტურად მოდის წინააღმდეგობაში კონსტიტუციურ წყობილებასთან, - ეს განცხადება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, თორნიკე ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „პროვოკაციული რეპლიკებითა და იაფფასიანი მანევრებით“ ცდილობენ კონკრეტულ კითხვებს გაექცნენ.

„იმ ეტაპმა, როდესაც ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, კითხვებით გადავსულიყავით მოპასუხე მხარესთან, პრინციპში დაადასტურა ის, რაც წინა დღეებშიც ძალიან მკაფიოდ ჩანდა, რომ ამ ე.წ პარტიებს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ და მის განშტოებებს აბსოლუტურად არა აქვს გააზრებული, რას ნიშნავს კონსტიტუციური წესრიგი, რას ნიშნავს სახელმწიფო სუვერენიტეტი ან აქვს გააზრებული, თუმცა მიზანმიმართულად ავლენს იმგვარ სულისკვეთებას, რომელიც აბსოლუტურად მოდის წინააღმდეგობაში კონსტიტუციურ წყობილებასთან, იმ ძირეულ ფუნდამენტურ პრინციპებთან, რომელიც არის ქვაკუთხედი, ჩვენი კონსტიტუციური წესრიგისათვის. ეს გამოჩნდა ყველა პასუხში. მათ შორის, გამოჩნდა იმ ძალიან იაფფასიან მანევრებში, როდესაც ისინი ცდილობდნენ უბრალოდ გაჰქცეოდნენ კონკრეტულ კითხვებს და აბსოლუტურად შეუფერებელი, გარკვეულ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული რეპლიკებით მოქმედებებით ცდილობდნენ იმას, რომ გადაეყვანათ განსხვავებულ რიტმში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვა.

რაც შეეხება კონკრეტულ დოკუმენტებს, რომელზეც იყო საუბარი, მათ ავიწყდებათ ერთი მარტივი ფორმულა, რომ ხელნაწერები არ იწვის და ხელმოწერებიც, რომელიც ამ შესაბამის დოკუმენტებზე არის გაკეთებული, ასევე არ იწვის, ვინაიდან დღეს თითქოსდა მათ არ ახსოვდათ, ჯერ თავდაპირველად ერთობის დეკლარაციაზე გაკეთებული ხელმოწერა, თუმცა მაშინვე როგორც კი შესაბამისი დოკუმენტის დემონსტრირება მოხდა, ძალიან კარგად გაახსენდათ ყველაფერი“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.