ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა, - ამის შესახებ განცხადებას კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

„დღეს კომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა, რომლის მიზანი სანქციების სრულ ციკლთან დაკავშირებით კომისიის გამოცდილების გაერთიანებაა, პოლიტიკის შემუშავებიდან დაწყებული, მისი იმპლემენტაციით, აღსრულებითა და სანქციებისთვის გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლით დამთავრებული, მათ შორის, მესამე ქვეყნებთან კომუნიკაციისა და ჩართულობის ჩათვლით“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს ევროკავშირის სანქციების კოორდინაციას წევრ სახელმწიფოებთან და მესამე ქვეყნებთან.

„ეს შეეხება სანქციების ყველა რეჟიმის, კერძოდ, რუსეთისა და ბელარუსის, ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და სირიის, ასევე, ჰიბრიდული და ორგანიზებული დანაშაულის მიმართ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირის სანქციების ოფისი ევროკომისიის გენერალური დირექტორატის ფარგლებში იმუშავებს და იგი ფინანსური მომსახურების, დანაზოგებისა და ინვესტიციების საკითხებში ევროკომისრის, მარია ლუიშ ალბუკერკეს ზედამხედველობის ქვეშ იქნება.

ასევე, ევროკომისიამ სანქციების აღსრულების საკითხში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე შვედი დიპლომატი ლარს დანიელსონი დანიშნა. დანიელსონი თანამდებობას 2027 წლის 6 თებერვალს დაიკავებს და სანქციების საკითხში ევროკავშირის მოქმედ წარმომადგენელს, დევიდ ო’სალივანს შეცვლის.