ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამების ფარგლებში დუალური სწავლება იქნება შესაძლებელი, ასევე საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მიკროკვალიფიკაციის დანერგვა იგეგმება

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამების ფარგლებში დუალური სწავლება იქნება შესაძლებელი, ასევე საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მიკროკვალიფიკაციის დანერგვა იგეგმება

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამების ფარგლებში დუალური სწავლება იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მიკროკვალიფიკაციის დანერგვა იგეგმება.

ამ ყველაფერს “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა.

დუალური სწავლება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების სახეს წარმოადგენს, რომელიც აკადემიურ სწავლებას რეალურ სამუშაო გარემოში ორგანიზებულ სწავლებასთან აერთიანებს. შესაბამისად, სასწავლო პროცესი ნაწილობრივ - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხოლო ნაწილობრივ რეალურ სამუშაო გარემოში ხორციელდება.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში პრაქტიკული სწავლება დღესაც ხორციელდება სხვადასხვა პრაქტიკული კომპონენტის სახით. აღნიშნული კომპონენტები შეიძლება განხორციელდეს რეალურ სამუშაო გარემოში, ემსახურებოდეს პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევას და შესაბამისი სტუდენტური დატვირთვა გამოხატული იყოს კრედიტებში, თუმცა მოქმედი კანონმდებლობა დუალურ სწავლებას, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების სახეს, ცალკე არ განსაზღვრავს და არ ადგენს იმ მინიმალურ მოცულობას, რომლის არსებობის შემთხვევაშიც რეალურ სამუშაო გარემოში სწავლება პროგრამის განხორციელების არსებით ნაწილად ჩაითვლება და არა მხოლოდ მის ცალკეულ პრაქტიკულ კომპონენტად.

სამინისტროს განცხადებით, დუალური სწავლების დანერგვა ხელს შეუწყობს აკადემიური ცოდნისა და რეალურ სამუშაო გარემოში სწავლების სისტემურ ინტეგრაციას, სტუდენტების პროფესიული და ზოგადი კომპეტენციების განვითარებას, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკული მიმართულების გაძლიერებასა და კურსდამთავრებულთა პროფესიული საქმიანობისათვის უკეთ მომზადებას.

“დუალური სწავლების განვითარება ხელს უწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დამსაქმებლებს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას. ასეთი თანამშრომლობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შესაძლებლობას აძლევს, პროგრამის შემუშავებისა და განვითარებისას უკეთ გაითვალისწინოს შესაბამის სფეროში არსებული პრაქტიკული საჭიროებები, ხოლო პარტნიორ ორგანიზაციას − მონაწილეობა მიიღოს მომავალი კადრების პროფესიული კომპეტენციების განვითარებაში. სტუდენტისთვის დუალური სწავლება ქმნის შესაძლებლობას, სწავლის პროცესშივე შეიძინოს პროგრამასთან უშუალოდ დაკავშირებული სამუშაო გამოცდილება და უკეთ მოემზადოს პროფესიული საქმიანობისთვის“, - აცხადებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მიკროკვალიფიკაციის დანერგვასა და მისი განხორციელებისთვის აუცილებელი სამართლებრივი საფუძვლების შექმნას.

კანონპროექტით განისაზღვრება მიკროკვალიფიკაციისა და მასთან დაკავშირებული ძირითადი ცნებები, პროგრამის განმახორციელებელი სუბიექტები, პროგრამის დონე და მოცულობა, პროგრამაზე დაშვების წინაპირობები, მისი განხორციელების უფლების მოპოვების საფუძველი, მიკროკვალიფიკაციის მინიჭებისა და სერტიფიკატის გაცემის ძირითადი პირობები, შესაბამისი ინფორმაციის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აღრიცხვა და მიკროკვალიფიკაციის ფარგლებში დაგროვებული კრედიტების ფორმალურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაში შესაძლო აღიარების პირობები.

ამგვარად, კანონის პროექტი ქმნის მიკროკვალიფიკაციის პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ერთიან საკანონმდებლო საფუძველს, რაც სამინისტროს განმარტებით, ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მცირე მოცულობის, კონკრეტულ სწავლის შედეგებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და მათ ფარგლებში სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატების გაცემას.