ლაშა ფარულავა - ღარიბაშვილის ცრემლების რომ დავიჯეროთ, მან სიმართლე უნდა თქვას, თბილისი კი არათუ ევროპული ქალაქია, ისლამაბადს დაემსგავსა, სადაც „სქროლის“ გარეშე ვერ იმოძრავებ!

თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ ჰაბი არის საქართველოში, კრიმინალების, თაღლითების თავშესაფრად აქცია ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა - ის, რაც მოხდა გლდანის ციხეში, კრიმინალური გარჩევა, თაღლითურ „ქოლ-ცენტრებს“ უკავშირდება. სპეციალური პენიტენციური სამსახურის და გლდანის ციხის ყოფილი უფროსები სახლში არიან და ელისო კილაძეს რას ედავებიან?! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ “პალიტრანიუსის” გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, თბილისში „ქოლ-ცენტრების“ პრობლემასა და ამავე დროს, ჟურნალისტ ელისო კილაძისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთის განაჩენზე ისაუბრა.
ლაშა ფარულავას განცხადებით, ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრები“ ივანიშვილის რეჟიმის მთავარი შემოსავლის წყარო და მფარველობაში მყოფი ბიზნესია.
“ქოლ-ცენტრები“ მთავარი შემოსავლის წყაროა ივანიშვილის რეჟიმისთვის. ლილუაშვილს ჩვენ ვამხელდით „ქოლ-ცენტრების“ მფარველობაში. „მოდულის“ შენობას ვუწოდებდით მთავარ „ქოლ-ცენტს“. დააკავეს ლილუაშვილი, თუმცა თაღლითური „ქოლ-ცენტრები“ არ დახურულა. დღეს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ ჰაბი არის საქართველოში. კრიმინალების, თაღლითების თავშესაფრად აქცია ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა. რომ არა მისი პოლიტიკური და ინსტიტუციური მფარველობა, შეუძლებელი იქნებოდა ამხელა ტრანსნაციონალური დანაშაულის ქსელის ორგანიზებული მუშაობა.
ყველაფერი დაუფარავად ხდება, შარტავაზე, აშშ-ს საელჩოს მოპირდაპირედ, ვაკეში, კონკრეტული ოფისები ვიცით, სადაც ასობით ახალგაზრდა აგრძელებს, სავარაუდოდ, უცხოელი მოქალაქეების ძარცვას.
ის, რაც მოხდა გლდანის ციხეში, კრიმინალური გარჩევა, ამ თაღლითურ „ქოლ-ცენტრებს“ უკავშირდება. სპეციალური პენიტენციური სამსახურის და გლდანის ციხის უფროსი გათავისუფლების საქმე უკავშირდება „ქოლ-ცენტრებს“, კონკრეტულ ჩრდილოვან გარიგებას.
დავით ფეიქრიშვილს კონკრეტული ადამიანები შეუსახლეს, 4 დღე აწამებდნენ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის და იუსტიციის სამინისტრო ამბობდა, არაფერი ხდებოდაო. სანამ დებოში არ გავაგრძელეთ, ხელისუფლება არაფერს აკეთებდა. გიორგი პატარიძე და გლდანის ციხის ყოფილი უფროსი სახლში არიან და კილაძეს რას ედავებიან?! თურმე პიარს უკეთებდა „ქოლ-ცენტრებს“. ერთი ჯგუფი, რომელიც იყო „ქოლ-ცენტრების“ ოპერირებაში ჩართული, ეს ჯგუფი ივანიშვილმა მოიშორა, აბრალებენ კილაძეს მათთან კავშირს. ვინც ამ „ქოლ-ცენრებს“ ფლობდა, ის ხალხი ადებს კილაძეს ხელს. რატომ? კილაძე კრიტიკულად იყო განწყობილი რეჟიმის მიმართ.
ივანიშვილის რეჟიმი და ივანიშვილების გვარი დგას კონკრეტული „ქოლ -ცენტრების“ უკან. ერთი ხელით პარლამენტმა მოქალაქეებს გაუზარდა წყლის და გაზის ტარიფი და მეორე ხელით, აზარტულ ბიზნეს გადასახადები მოუხსნა. ეს იმიტომ ხდება, რომ აზარტული თამაშების ბიზნესი სჭირდება „ქოლ-ცენტრების“ ფულის გასათეთრებლად.
მეუფე იობმა რომ ხმა ამოიღო და გააკრიტიკა ხელისუფლება, პირდაპირ გაგებით აგინეს. სასულიერო პირს აგინეს და რაზე უნდა ვისაუბროთ? ემიგრაციაში წასული მოქალაქეები, დაცლილი მრევლი... ამას ხედავს ეკლესია, თუ რამხელა უფსკრულის წინაშეა ქვეყანა. ყველაზე მეტად საეკლესიო პირები ზიანდებიან, რომელთაც 5-7 შვილი ჰყავთ. ერთადერთი ეს ხალხი ფიქრობს, რომ ერი გადარჩეს, დემოგრაფიული კატასტროფა რომ არის, ყველაზე მეტად ეს დამოკლეს მახვილი სოციალურ თვალსაზრისით, საეკლესიო პირებზეა. მათ იციან, სუპერმარკეტში რომ შეხვალ, ცეცხლის ფასი აქვს ყველაფერს, ამ ყველაფრის უკან ივანიშვილის რეჟიმი დგას“, - აღნიშნა ლაშა ფარულავამ.
გარდა ამისა, ლაშა ფარულავამ ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზეც ისაუბრა. როგორც ლაშა ფარულავამ აღნიშნა, „პრემიერობის დროს, ირაკლი ღარიბაშვილს თავი ქურუმი ეგონა, და ის, რომ ღარიბაშვილი დღეს რაღაც ნოტებს გვიკითხავს, ამის უფლება არ აქვს“.
„რიჟვაძე რომ ამდენი ხანია გაქცეული და ხმას არ იღებს, ეს უკავშირდება იმ მოპარულ ფულს, რომლის მოტანაც ივანიშვილმა სთხოვა, ასევე ლილუაშვილს, ღარიბაშვილს და მათ დაჯგუფებას, ლილუაშვილი რომ ზის და ხმას არ იღებს. ტრანსნაციონალურ დანაშაულს მფარველობდა თურმე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ეს ქვეყანა კატასტროფაშია. ზოგი პოლიტპატიმრად აცხადებს ღარიბაშვილს. ნამდვილად არის ივანიშვილის პატიმარი და დასაცავია, ყველა მოქალაქე უნდა დავიცვათ, ეს ჩვენი ქრისტიანული პასუხისმგებლობაა, მოქალაქეობრივი, პოლიტიკური პასუხისმგებლობაცაა.
ის, რომ ღარიბაშვილი რაღაც ნოტებს გვიკითხავს, ამის უფლება არ აქვს. თვითონ მოაწერა ამ ყველაფერს ხელი, მე კი არ მოვაწერე. თუ უნდა საზოგადოებას ღარიბაშვილის ცრემლების სჯეროდეს, სიმართლე უნდა თქვას. თუ სასამართლოზე ხელს უშლიან და ამიტომ უნდა მაგისტრი მოსამართლის წინაშე წარსდგეს, გავიგეთ, ადვოკატები ჰყავს და საზოგადოებას უთხრას სიმართლე. „სააკაშვილი გაჩუმდეს, თორემ დამატებით წლებს მივუსჯი“ - პრემიერი კი არა, ქურუმი ეგონა თავი, სასამართლო, ყველაფერი მისი იყო.
მისივე უსამართლო სისტემა შემოუტრიალდა ღარიბაშვილს. მონანიებას კი არა სიმართლეს ვითხოვთ. მისი ოჯახი განსაცდელი წინაშეა და ჩვენი ქრისტიანული პასუხისმგებლობაა თანადგომა გამოვხატოთ, ეს არ ნიშნავს რომ პოლიტპატიმარია. ღარიბაშვილს საუბრის უფლება ჩამოართვეს, მამუკა მდინარაძეს კი საზოგადოებასთან კონტაქტის საშუალება შეუზღუდეს, „ფეისბუქი“ წაუშალეს. მდინარაძე გააგდეს გუნდიდან და ჩამოდგნენ და საკუთარ მეგობარს ლანძღავდნენ. ეს კაცი მოისროლეს და ისე, რომ ერთი ხელით საკუთარი თანაგუნდელები დააჭერინეს და მეორე ხელით ოპოზიცია. საბოლოოდ, ეს კაცი „გადააგდეს“ ნაგვის ურნაში. ირაკლი ღარიბაშვილი გვპირდებოდა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, 2023 წელს დასრულდებაო, კობახიძე კი ტაშს უკრავდა. კობახიძე დღეს ამბობს, რომ ამ მასშტაბურ პროექტს, 2031 წელს დავასრულებთო, ილონ მასკს უკვე დასრულებული ექნება მარსზე კოლონიზაცია“,- აღნიშნა ლაშა ფარულავამ.
გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობითი საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა მეტროს ვაგონების მოდერნიზაციის ტენდერიდან 41 105 298 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების საქმეზე 4 პირის დაკავებასაც გამოეხმაურა. ლაშა ფარულავას თქმით, „ეს 41 მილიონი ნათელი მაგალითია იმის, რომ ინსტიტუციური პრობლემა არის თბილისის მერიაში“.
„სისტემატურად იძარცვებოდნენ თბილისელები და კონკრეტული ხალხია პასუხისმგებელი: კობახიძე, გიორგი შარკოვი, ვიქტორ წილოსანი, მუმლაძე და კახა კალაძე. ეს ხუთეულია პასუხისმგებელი. ეს ხალხი არ უნდა დაიბარონ?! კალაძე არ უნდა დაიბაროს პროკურატურამ და არ უნდა ჰკითხოს, ვის დასცინიან ეგენი?“- აღნიშნა ლაშა ფარულავამ.
მან დედაქალაქში არსებულ სატრანსპორტო პოლიტიკაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ „თბილისი არათუ ევროპული ქალაქია, არამედ ისლამაბადს დაემსგავსა, სადაც სქროლის გარეშე ვერ იმოძრავებ“.
„ტრამპ თაუერს“ რომ იძახიან, ტრამპი მათთვის პრობლემაა, შეიძლება საერთოდ არ განახორციელონ ეს პროექტი, ტრამპის ხსენებაზე პრობლემები ექმნებათ. საავტომობილო გზის სივრცე ვიწროვდება და იქ იწყება მშენებლობები. თბილისი არათუ ევროპული ქალაქია, არამედ ისლამაბადს დაემსგავსა, სქროლის გარეშე ვერ იმოძრავებ. დედაქალაქში ქაოსი გვაქვს“, - აღნიშნა ლაშა ფარულავამ.

























