პროკურატურა - ერთ-ერთი კომპანიის დირექტორმა მოქალაქისგან, რომელიც მას ე.წ. ტენტების მონტაჟის მიზნით დაუკავშირდა, 24 ათას ლარამდე თანხა მიითვისა - მას ბრალი წარედგინა

პროკურატურა - ერთ-ერთი კომპანიის დირექტორმა მოქალაქისგან, რომელიც მას ე.წ. ტენტების მონტაჟის მიზნით დაუკავშირდა, 24 ათას ლარამდე თანხა მიითვისა - მას ბრალი წარედგინა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის მფლობელს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაზარალებული ერთ-ერთი შპს-ს დირექტორს აივანზე ე.წ. ტენტების შეცვლისა და მონტაჟის მიზნით დაუკავშირდა. ბრალდებულმა იკისრა ვალდებულება და მოქალაქეს ავანსის სახით 23,945.22 ლარი ჩაარიცხვინა, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

დაკავებულს 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებული შპს-ს დირექტორს აივანზე ე.წ. ტენტების შეცვლა/მონტაჟის მიზნით დაუკავშირდა. ბრალდებულმა იკისრა ვალდებულება, რომ სამუშაოებს ჩამოყვანილი თურქი ხელოსნის მონაწილეობით შეასრულებდა და მხარეებმა 2025 წლის 03 სექტემბერს ელექტრონულად გააფორმეს შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საერთო ღირებულებამ 12,700 აშშ დოლარი შეადგინა. ამის შემდეგ, ბრალდებულმა დაზარალებულს ავანსის სახით შპს-ს ანგარიშზე 70% – 23,945.22 ლარი ჩაარიცხვინა, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და დაზარალებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება არ გაუწია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლიდან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.