სოხუმის უნივერსიტეტსა და „საერთაშორისო ანალიტიკურ ლაბორატორიას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „საერთაშორისო ანალიტიკურ ლაბორატორიას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმება მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და სურსათის უვნებლობის, აგროტექნოლოგიებისა თუ ეკოლოგიის მიმართულებით კვალიფიციური კადრების მომზადებას.
მემორანდუმის გაფორმებას წინ უძღოდა სტუდენტებთან შეხვედრა და ლექცია, სადაც განიხილეს ის შესაძლებლობები, რასაც „საერთაშორისო ანალიტიკურ ლაბორატორია“ სთავაზობს მათ. ამასთან, ყურადღება გამახვილდა „საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის“ საქმიანობაზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია“ მაღალტექნოლოგიური კვლევითი ცენტრია. ლაბორატორიის საქმიანობა მოიცავს სურსათის უვნებლობის, აგრარული, ვეტერინარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით კვლევებს, რომლის მიზანი ბაზარზე უსაფრთხო პროდუქტისა და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფის მხარდაჭერაა.
როგორც „საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის“ დამფუძნებელმა, ნათია ცაბუტაშვილმა აღნიშნა, პარტნიორობა ახალგაზრდების პროფესიულ ზრდას შეუწყობს ხელს.

„ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს მოეწერა ხელი დღეს. ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, წვლილი შევიტანოთ და ვიზრუნოთ მომავალი თაობის განათლებაზე. მივცეთ მათ საშუალება უნივერსიტეტთან ერთად დახვეწონ და გამოიმუშაონ ის უნარ-ჩვევები, რაც პრაქტიკული სამუშაოების შესრულებაში დაეხმარებათ. ჩვენი ლაბორატორია მზადაა ნებისმიერ სტუდენტის დაეხმაროს პროფესიულ გზაზე“,-აღნიშნა ნათია ცაბუტაშვილმა.
უნივერსიტეტის მხრიდან თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, თეა ჯუღელმა.
„სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დღეს გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორთან, საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიასთან, რომელიც ფაქტობრივად უნიკალური მხარდამჭერია. ჩვენ გვექნება მათთან აქტიური თანამშრომლობა ჩვენი სტუდენტებისთვის. ეს ლაბორატორია პრაქტიკული კომპონენტების შესრულებაში ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია.
კერძოდ, ლაბორატორია მისცემს საშუალებას, პრაქტიკული უნარები შეიძინონ სტუდენტებმა, რაც ფაქტობრივად არის გადამწყვეტი იმ მიმართულებებში, რაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის არის ახალი. ეს არის აგროტექნოლოგიები, სურსათი, მევენახეობა- მეღვინეობა, ასევე გარემოსდაცვითი მიმართულებები, ეკოლოგიის და სხვადასხვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ახალი პროგრამა გვემატება - სურსათის უვნებლობის საბაკალავრო პროგრამა, რომელიც პირდაპირ არის კავშირში იმ საკითხებთან, რაც შეიძლება სწორედ ლაბორატორიაში შეისწავლონ სტუდენტებმა პრაქტიკულად“,- აღნიშნა თეა ჯუღელმა.

სურსათის უვნებლობის სპეციალისტის, ირაკლი არაბულის თქმით, მსგავსი ინიციატივები ბაზარზე კვალიფიციური კადრების დეფიციტს შეავსებს.
„პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სურსათთან და სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი სპეციალისტი გაიზარდოს, უფრო მეტი სტუდენტი მოხვდეს და ჩამოყალიბდეს ისეთ პროფესიონალად, რომელიც ქვეყანას გამოადგება სურსათის სფეროში.
ეს მემორანდუმი სწორედ ამას ეხებოდა - თანამშრომლობას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „საერთაშორისო ანალიტიკურ ლაბორატორიას“ შორის, რომელიც უზრუნველყოფს, რომ რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი გაიზარდოს სურსათის და სურსათის უვნებლობის სფეროში“,- აღნიშნა ირაკლი არაბულმა.
(R)
























