ვლადიმერ პუტინი - ევროკავშირმა ანტირუსული სანქციების შედეგებთან ადაპტირება ვერ შეძლო - გარე ზეწოლა რუსეთისთვის მნიშვნელოვან სტიმულად იქცა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ევროკავშირმა ვერ შეძლო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგებთან ადაპტირება.
„ევროკავშირმა ვერ შეძლო მათთან (სანქციებთან) ადაპტირება, მათ შორის, ჩვენს ბაზარზე უარის ნებაყოფლობით გადაწყვეტილებასთან და რუსული ენერგორესურსების იაფი და სტაბილური მიწოდების შეწყვეტასთან, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფდა მის კეთილდღეობას. ის კარგავს სამრეწველო პოტენციალსა და კონკურენტულ ბრძოლაში პოზიციებს“, - განაცხადა პუტინმა შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი მტკიცებით, გარე ზეწოლა რუსეთისთვის მთავარ სტიმულად იქცა.
„გარე ზეწოლა რუსეთისთვის მნიშვნელოვან სტიმულად იქცა, ხელი შეუწყო ტექნოლოგიური სუვერენიტეტის განმტკიცებას, შრომის პროდუქტიულობის ზრდასა და შიდა ბაზრის ხარისხიანი ადგილობრივი პროდუქციით უზრუნველყოფას“, - აღნიშნა პუტინმა.
მანამდე ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა APEC-ის სამიტზე საერთაშორისო ვითარება და ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვისა და პეკინის საერთო მიზანი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაა.
„რუსეთ-ჩინეთის საგარეო პოლიტიკური ურთიერთობები სტაბილური და პოზიტიურია. რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ჩვენ ვიყენებთ კონსტრუქციულ მიდგომებს უფრო სამართლიანი, მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ჩამოსაყალიბებლად”, - აღნიშნა პუტინმა.

























