აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე - რუსეთში სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელებულმა შორ მანძილზე მოქმედმა დარტყმებმა, სავარაუდოდ, ესკალაციისთვის კრემლის მზადყოფნა გააძლიერა

რუსეთში სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელებულმა შორ მანძილზე მოქმედმა დარტყმებმა, სავარაუდოდ, ესკალაციისთვის კრემლის მზადყოფნა გააძლიერა, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, ელბრიჯ კოლბიმ ბრიუსელში, თავდაცვის საკითხებში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის („რამშტაინი“) შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მაშინ, როდესაც საჯარო დისკუსიებში აქცენტი შორ მანძილზე მოქმედი დარტყმების სანახაობრივ მხარეზე კეთდება, რომელთა მიზანიც რუსეთის მოსახლეობისთვის ტკივილის მიყენებაა, ჩვენი შეფასებით, მსგავსი დარტყმები ომის დასრულებასა და ფრონტის ხაზზე რუსეთის წინსვლის შეკავებას ხელს არ უწყობს. მსგავსმა დარტყმებმა, კერძოდ, დარტყმებმა, რომელთა სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა, ისეთი, როგორიც Wildberries-ია, სავარაუდოდ, რუსეთის საზოგადოების მტკიცე გადაწყვეტის უნარი და ესკალაციისთვის თავად კრემლის მზადყოფნა გააძლიერა”, - განაცხადა კოლბიმ.
ამასთან, კოლბის თქმით, „ეს უკრაინისთვის იმის იძულებას არ ნიშნავს, რომ ზურგს უკან ხელებშეკრულმა იბრძოლოს“.
„ოქტომბერში, უკვე ზედიზედ მეორე თვეა, უკრაინამ რუსეთზე მეტი ტერიტორია დაიკავა და რუსულმა ძალებმა ომის განმავლობაში ყველაზე დიდი თვიური დანაკარგები განიცადეს. ჩვენი შეფასებით, ფრონტის ხაზზე მხარდაჭერა და საშუალო მანძილზე მოქმედი დარტყმები ყველაზე ეფექტიანი გზაა უკრაინის თავდაცვისა და შესაბამისად ომის დასრულებისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფისთვის“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ.

























