გრიგოლ გეგელია - ჩვენ არასდროს ვყოფილვართ კონსტიტუციასთან რაიმე ფორმით წინააღმდეგობაში - მოსარჩელე მხარეს არ გააჩნია არავითარი მტკიცებულება და ეს ყველაფერი წარმოადგენს პოლიტიკურ პარანოიას

ჩვენ არასდროს ვყოფილვართ საქართველოს კონსტიტუციასთან რაიმე ფორმით წინააღმდეგობაში, პირიქით, ჩვენ ვართ ამ სახელმწიფოს კონსტიტუციური იდეალებისა და წესრიგის ერთგულები და მხოლოდ ვამტკიცებთ ამას, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის კონსტიტუციას სწორედ მოსარჩელე [„ქართული ოცნება“] არღვევს.
„ლელო - ძლიერი საქართველო“ არ ითხოვდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, არამედ ვემხრობოდით და ვემხრობით, რომ საქართველო მიერთებული იყოს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებთან და არ დაუშვას სანქციებისთვის გვერდის ავლის სივრცედ გადაქცევა. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა 2022 წლიდან. ჩვენ არ მოგვითხოვია, რომ საქართველო ყოფილიყო სავაჭრო სანქციების დამწესებელი.
ჩვენ ამაზე საუბარი დავიწყეთ 2022 წელს, როდესაც ათობით ათასი ადამიანი იძულებით გადაადგილდა და საქართველოში შემოვიდა, შეიქმნა საფრთხე და რისკი იმისა, რომ ვითარება უკონტროლო გამხდარიყო, როცა ომით გამოწვეული ვითარება მწვავდებოდა. 100 ათასზე მეტი რუსის შემოდინების ფონზე, ქართული ეკონომიკა იყო დასაცავი, ეს სუვერენული ზომაა და არა სანქცია. „საქართველოს დაცვის აქტი“ მიზნად ისახავდა, რომ ქართველები და ჩვენი ქვეყანა დაეცვა პოტენციური, მავნე და მოჭარბებული რუსული გავლენებისგან. ეს არ წარმოადგენს ორმხრივ სანქციას.
ჩვენ არასდროს ვყოფილვართ საქართველოს კონსტიტუციასთან რაიმე ფორმით წინააღმდეგობაში, პირიქით, ჩვენ ვართ ამ სახელმწიფოს კონსტიტუციური იდეალებისა და წესრიგის ერთგულები და მხოლოდ ვამტკიცებთ ამას. რაც ჩვენ ოდესმე გაგვიკეთებია, ემსახურებოდა ამ ქვეყნისა და კონსტიტუციის დაცვასა და გამყარებას. მათ შორის, საგარეო კომუნიკაცია, იქნება ეს კანდიდატის სტატუსის მიმართულებით თუ ვიზალიბერალიზაციის, ყოველთვის შეესაბამებოდა კონსტიტუციას. არათუ ხელყოფა, რასაც სამარცხვინო მოსარჩელე მხარე გვაბრალებს, თითქოს ხელვყოფდით საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ, პირიქით, ჩვენ ყოველთვის ვამყარებდით და ვაძლიერებდით კონსტიტუციის შინაარსს.
კონსტიტუციას მოსარჩელე მხარე არღვევს. ისინი ეწინააღმდეგებიან 78-ე მუხლს, მათ უარყვეს ყველა ის იდეალი და პრინციპი, რაც ქართველმა ხალხმა აირჩია და რაც გაწერილია მათი მმართველობის დროს მიღებულ კონსტიტუციაში. მათ მოუწევთ მწარე კითხვებზე პასუხის გაცემა და პასუხისმგებლობის აღება“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
მისი თქმით, სარჩელი აბსურდულია და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
„მოსარჩელე მხარეს არ გააჩნია არავითარი მტკიცებულება და ეს ყველაფერი წარმოადგენს პოლიტიკურ პარანოიას, პროზასა და პოლიტიკურ მხატვრულ ლიტერატურას. სარჩელს არც მტკიცებულებები უმაგრებს ზურგს და არც ისტორია. ამიტომაც მზად ვართ, კითხვებს ვუპასუხოთ და მზად ვართ, დავსვათ კითხვები, რათა საზოგადოება იყოს ინფორმირებული და მკაფიოდ დაინახოს, ვინ დგას ისტორიის სწორ მხარეს. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ გვიწევს ვიყოთ ის თაობა, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაათავისუფლოს ქვეყანა რუსული მავნებლური, სიმსივნური წარმონაქმნისგან.
დე-ფაქტო რეჟიმი არ დგას ერისა და კონსტიტუციის სამსახურში, არაფრის სამსახურში არ დგას, გარდა საკუთარი ჯიბეებისა და რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესებისა. ჩვენ ავტოკრატიულ ვითარებაში ვართ, როცა რეჟიმი ყველაფერს აკეთებს, რომ საკუთარი უსაფრთხოება და კეთილდღეობა გაამყაროს, ეს ლოგიკური პროცესია იმ ისტორიის ფაზისა, რომელშიც ვართ. ეს დიდხანს არ გაგრძელდება და ბევრი მაგალითი ვნახეთ იმისა, თუ როგორ ჩამოიშალა ხუხულებივით ამაზე ბევრად ძლიერი რეჟიმები. ამიტომ ბრძოლას და სიმტკიცეს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, ისევე როგორც იმის განცდას, რომ ჩვენ მართლები ვართ“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

























