„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ - მიუხედავად იმისა, რომ გურამ როგავას მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა, სერიოზული კითხვები რჩება დამნაშავის იდენტიფიკაციისა და გამოძიების ეფექტიანობის შესახებ

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ - მიუხედავად იმისა, რომ გურამ როგავას მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა, სერიოზული კითხვები რჩება დამნაშავის იდენტიფიკაციისა და გამოძიების ეფექტიანობის შესახებ

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ ჟურნალისტ გურამ როგავას სასამართლო პროცესებიდან ჩამოშორებას გმობს.

„IPI გმობს ჩვენი წევრის გურამ როგავას სასამართლო პროცესებიდან ჩამოშორებას, რომელიც 2024 წლის ნოემბერში თბილისში, ანტისამთავრობო აქციების გაშუქებისას მასზე პოლიციელის მიერ თავდასხმის ფაქტს ეხება“, - ნათქვამია „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (IPI) განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მიუხედავად, გავრცელებული ინფორმაციით, როგავას სხდომებზე დასწრებაზე უარი ეთქვა, რომლებიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა. როგავას თქმით, მას არ მიეცა შესაძლებლობა წარმოედგინა თავდასხმის საკუთარი ვერსია ან სასამართლოსთვის მიყენებული ზიანის შესახებ ცნობა მიეწოდებინა“.

IPI-ის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გურამ როგავას მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, „სერიოზული კითხვები რჩება დამნაშავის იდენტიფიკაციისა და გამოძიების ეფექტიანობის შესახებ“.

„როგავა ეჭვქვეშ აყენებს იმ ფაქტს, რომ სწორედ კირკიტაძე იყო ის პირი, რომელიც თავს დაესხა“, - აცხადებს ინსტიტუტი.

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ეს საქმე კიდევ ერთი შეხსენებაა საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმების მიმართ ფართოდ გავრცელებული დაუსჯელობის, სადაც პოლიციელებისა და სხვა პირების მხრიდან ჩადენილი ძალადობის შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა დაუსჯელი რჩება“.

„საქართველოში დაუსჯელობის წრე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაირღვევა, თუ ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მიეცემა. IPI ყველა იმ ქართველი ჟურნალისტისთვის, ვინც პროფესიული საქმიანობის გამო სამიზნე გახდა, სრულ სამართლიანობასა და ანგარიშვალდებულებას მოითხოვს“, - ნათქვამია განცხადებაში.