დონალდ ტრამპი - ვაშინგტონში თავდასხმის განხორციელების შემთხვევაში ირანი ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის

ვაშინგტონში თავდასხმის განხორციელების შემთხვევაში ირანი ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფილიპინებში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.
დონალდ ტრამპი ფილიპინებში დღეს ჩავიდა, სადაც ინდოეთის, იაპონიისა და ავსტრალიის ლიდერებს შეხვდა. მანილაში ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი მონაწილეობას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტში მიიღებს.
„თუ ეს მოხდება, ისინი ისეთ ფასს გადაიხდიან, როგორიც აქამდე არცერთ ქვეყანას არ გადაუხდია“, - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, იმედოვნებს, რომ ირანი თავდასხმას არ გეგმავს, თუმცა აშშ ამ საკითხს სერიოზულად ეკიდება.
„იმედი მაქვს, რომ ასე არ იქნება, მაგრამ ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით, რადგან ისინი გიჟები არიან. აი, რატომ არ შეიძლება, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, CNN-მა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ირანი ამზადებს გეგმებს, რომელიც ითვალისწინებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ თავდასხმას ვაშინგტონში ე.წ. „ბინძური ბომბის“ აფეთქებით ან ქიმიური იარაღის გამოყენებით.

























