უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ყირიმის ხიდზე დარტყმაზე - ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა, გაგრძელება იქნება

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე განხორციელებული დარტყმების შედეგად ერთ-ერთი ლითონის თაღი და მის ქვეშ არსებული საავტომობილო ნაწილი მალი მთლიანად განადგურდა.
უწყებაში განმარტავენ, რომ ოპერაცია, მთლიანობაში, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და შვიდი ეტაპისგან შედგებოდა. თავდაპირველად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და თავდაცვის ძალებს მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემები სისტემატურად მწყობრიდან გამოჰყავდათ. მოგვიანებით ხიდზე უშუალო დარტყმები დაიწყო. ზოგიერთი მათგანი უსაფრთხოების სამსახურმა დამოუკიდებლად განახორციელა. საბოლოო ეტაპზე უსაფრთხოების სამსახურს უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებიც შეუერთდნენ.
უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმ „ალფას“ მებრძოლებმა ყირიმის ხიდის საავტომობილო ნაწილს „პალიანიციის” ტიპის დრონ-რაკეტებით ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც ის წყალში ჩავარდა.
„ოკუპანტებისთვის ეს დარტყმა სიმბოლური არ არის. ხიდი იყო მთავარი არტერია, რომლის გავლითაც ნახევარკუნძულზე და უკრაინის სამხრეთით მდებარე ტერიტორიებზე საწვავი, საბრძოლო მასალა, ტექნიკა შეჰქონდათ და პირადი შემადგენლობა შეჰყავდათ. შემოდგომაზე ჩონგარისა და გენიჩესკის ხიდები განადგურდა, ახლა ქერჩის ხიდის ჯერიც დადგა. ოკუპანტებს ყირიმთან დამაკავშირებელი სულ უფრო ნაკლები სახმელეთო მარშრუტები რჩებათ. ხიდზე მოძრაობის შეწყვეტის ყოველი საათი ნიშნავს, რომ სამხრეთში განლაგებული რუსული დაჯგუფებები ვერ იღებენ საჭირო რაოდენობის იმ რესურსებს, რომელთა გარეშეც ბრძოლა არ შეუძლიათ. უკრაინის თავდაცვის ძალები ახორციელებენ თვითდაცვის უფლებას, რომელიც გაეროს წესდების 51-ე მუხლით არის გარანტირებული. ისინი სისტემატურად ანადგურებენ მოწინააღმდეგის სამხედრო-ეკონომიკურ პოტენციალს და აიძულებენ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა. გაგრძელება იქნება”, - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.

























