მარტა კოსი - ევროკავშირი და სომხეთი სულ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს

მარტა კოსი - ევროკავშირი და სომხეთი სულ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა.

ევროკომისარი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობები სულ უფრო მჭიდრო ხდება.

“ევროკავშირი და სომხეთი ერთმანეთს სულ უფრო უახლოვდებიან. შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს, რათა განგვეხილა, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ სომხეთს ენერგომომარაგების დივერსიფიკაციაში ზამთრის მოახლოებასთან ერთად”, - წერს კოსი.

მისი თქმით, სომეხი ფერმერებისა და ბიზნესის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა უკვე შედეგს იძლევა და მიმდინარე წელს სომხეთის ექსპორტი ევროკავშირში ნახევარზე მეტით გაიზარდა.

“ჩვენ ასევე ვახორციელებთ პროექტებს, რომლებიც სომხეთს მეზობელ ქვეყნებთან უკეთ დააკავშირებს; ეს ქმნის დამატებით ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ხელს უწყობს რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას”, - წერს კოსი.