კინოს ისტორია კადრს მიღმა - „ბიბლუსში” Taschen-ის საკოლექციო წიგნები გელოდებათ

კინოს ისტორია კადრს მიღმა - „ბიბლუსში” Taschen-ის საკოლექციო წიგნები გელოდებათ

თითოეული ცნობილი ფილმის მიღმა დგას შემოქმედებითი ძიება, ასობით ადამიანის შრომა, დაუვიწყარი პერსონაჟები, განსაკუთრებული ეპოქა და უამრავი ისტორია, რომელიც მაყურებლისთვის ხშირად შეუმჩნეველი რჩება. კინო მხოლოდ ეკრანზე გაცოცხლებული ამბავი არ არის. ზოგჯერ ერთი ფოტოსურათი, გადასაღები მოედნიდან შემორჩენილი ჩანახატი ან რეჟისორის სამუშაო ჩანაწერი იმაზე მეტს გვიყვება ფილმის შექმნის პროცესზე, ვიდრე თავად ეკრანზე ნანახი კადრები.

სწორედ კინოს ამ ნაკლებად ხილულ მხარეს გვაჩვენებს გერმანული გამომცემლობა TASCHEN თავისი განსაკუთრებული გამოცემებით. ეს წიგნები გაცილებით მეტია, ვიდრე კინოსადმი მიძღვნილი ილუსტრირებული ალბომები: ისინი უნიკალური საარქივო მასალების, ფოტოების, ესკიზების, ინტერვიუებისა და დოკუმენტების საშუალებით მკითხველს ფილმების შექმნის ისტორიაში ამოგზაურებს.

გიზიარებთ 5 განსაკუთრებულ გამოცემას, რომელიც კინოს სამყაროს ახლებურად დაგანახებთ.

ოდრი ჰეპბერნი

ოდრი ჰეპბერნი კინოს ისტორიაში არა მხოლოდ სამსახიობო ნიჭით, არამედ დახვეწილი სტილით, ბუნებრივი მომხიბვლელობითა და გამორჩეული ელეგანტურობით შევიდა. ფოტოგრაფ ბობ უილოუბის ეს გამოცემა კი საშუალებას გვაძლევს, მსახიობი ეკრანული სახის მიღმაც გავიცნოთ.

უილოუბი, რომელსაც ჰოლივუდის არაერთი ცნობილი ვარსკვლავი ჰყავდა გადაღებული, ჰეპბერნს პირველად 1953 წელს შეხვდა, როდესაც მსახიობი ჰოლივუდში ახლად ჩასული იყო. მათი პროფესიული ურთიერთობა დროთა განმავლობაში მეგობრობად იქცა. ფოტოგრაფი წლების განმავლობაში აღბეჭდავდა ჰეპბერნს გადასაღებ მოედანზე, როლისთვის მომზადებისას, კოლეგებთან ურთიერთობისას და პირადი ცხოვრების მშვიდ მომენტებში.

1953-1966 წლების ამ ფოტოკოლექციაში მკითხველი მსახიობის კარიერული აღმავლობის პერიოდს მიჰყვება მისი ამერიკული დებიუტიდან, ფილმით „რომაული არდადეგები“, „ჩემი მშვენიერი ლედის“ ეპოქამდე. ეს გამოცემა ჰეპბერნის პორტრეტების კრებულზე მეტია: ის გვაჩვენებს, როგორ იქმნებოდა კინოს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სახე და როგორი იყო ქალი, რომელიც მილიონობით ადამიანის საყვარელ ვარსკვლავად იქცა.

უოლტ დისნეის ანიმაციის ალბომი

წიგნი უოლტ დისნეის სიცოცხლეში შექმნილ სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმებსა და ნაკლებად ცნობილ მოკლემეტრაჟიან ნამუშევრებს აერთიანებს და მკითხველს ანიმაციის ე.წ. ოქროს ხანაში აბრუნებს. დაახლოებით 1 500 ვიზუალური მასალის საშუალებით გამოცემა გვაჩვენებს, როგორ იქმნებოდა დისნეის ცნობილი ანიმაციური სამყარო. აქ შეხვდებით იშვიათ საარქივო ფოტოებს, პერსონაჟების საწყის ესკიზებს, სცენების კომპოზიციებსა და ანიმაციური ფილმების შექმნის პროცესის ამსახველ მასალებს. წიგნის მომზადება დისნეის არქივებსა და Animation Research Library-სთან განსაკუთრებული წვდომით გახდა შესაძლებელი.

„2001: კოსმოსური ოდისეა“

სტენლი კუბრიკის „2001: კოსმოსური ოდისეა“ კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმად მიიჩნევა. მისი შექმნის ისტორია კი არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე თავად ფილმი. პირს ბიზონის წიგნი მკითხველს იმ შემოქმედებით პროცესში ამოგზაურებს, რომელმაც სამეცნიერო ფანტასტიკისა და კინემატოგრაფიული ვიზუალური თხრობის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააფართოვა.

გამოცემა აერთიანებს გადასაღები მოედნისა და მის მიღმა გადაღებულ ფოტოებს, წინასწარ მომზადებულ მხატვრულ ჩანახატებს, კონცეპტუალურ დიზაინებსა და კუბრიკის არქივიდან მოპოვებულ სხვა მასალებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეჟისორის მუშაობის მეთოდებს, დეკორაციების შექმნასა და სპეცეფექტებს, რომლებმაც ფილმის უნიკალური ვიზუალური სამყარო ჩამოაყალიბა.

ჯეიმს ბონდის არქივები

1962 წლიდან მოყოლებული, აგენტ 007-ის თავგადასავლები მაყურებელს ხუთ ათწლეულზე მეტია აერთიანებს. ექვსი მსახიობი, 25 ოფიციალური ფილმი და პერსონაჟი, რომელმაც ჯაშუშური ჟანრის წარმოდგენა სამუდამოდ შეცვალა.

პოლ დანკანის რედაქტორობით მომზადებული The James Bond Archives ამ მასშტაბური კინემატოგრაფიული ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ვიზუალური ქრონიკაა. გამოცემის შესაქმნელად EON Productions-მა საკუთარი არქივები გახსნა, რის შედეგადაც წიგნში მოხვდა ათასზე მეტი ფოტო, გადასაღები მოედნის კადრი, სცენარის ჩანახატი, პოსტერი, დეკორაციის დიზაინი და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტი.

წიგნი მოიცავს ბონდის ყველა ფილმს „დოქტორ ნოდან“ (1962) „სიკვდილის დრო არ არის“ (2021) ჩათვლით, მათ შორის არაოფიციალურ და პაროდიულ ნამუშევრებსაც. განსაკუთრებით საინტერესოა 150-ზე მეტი მსახიობისა და შემოქმედებითი ჯგუფის წევრის მონათხრობი, რომლებიც ფილმების შექმნის პროცესს საკუთარი გამოცდილებით გვაცნობენ.

ჩარლი ჩაპლინი

ჩარლი ჩაპლინი კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა - არტისტი, რომელმაც უხმო კინოს ეპოქაში უნივერსალური ენა შექმნა და თავისი პერსონაჟით მსოფლიოს სხვადასხვა თაობის მაყურებლის სიყვარული დაიმსახურა. The Charlie Chaplin Archives კი მის შემოქმედებით სამყაროში ჩახედვის უნიკალურ შესაძლებლობას გვთავაზობს.

ვრცელი საარქივო გამოცემიდან შექმნილი ეს წიგნი ჩაპლინის ფილმების გადაღების პროცესს გვაცნობს. მასში თავმოყრილია წერილები, ჩანახატები, სცენარის დაფები, პლაკატები და გადასაღები მოედნის ფოტოები, რომლებიც მისი მუშაობის მრავალფეროვან მხარეს წარმოაჩენს. განსაკუთრებით საინტერესოა მასალა, რომელიც ჩაპლინის შემოქმედებითი მეთოდის ორ მნიშვნელოვან მხარეს გვიჩვენებს: ერთი მხრივ, მისთვის დამახასიათებელ იმპროვიზაციას, მეორე მხრივ კი, დეტალურ დაგეგმვასა და თითოეული სცენის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას. გამოცემას ავსებს თავად ჩაპლინისა და მისი უახლოესი თანამშრომლების მონათხრობიც, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს, უკეთ გაიგოს, როგორ იქმნებოდა მისი საკულტო ფილმები და როგორ იქცა პატარა მაწანწალა მსოფლიო კინოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობად პერსონაჟად.

ამ და TASCHEN-ის სხვა საინტერესო გამოცემების შეძენა შესაძლებელია „ბიბლუსში“.

(R)