Axios - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი სამშვიდობო გეგმის საკითხზე ევროპელებთან და უკრაინელებთან მიმდინარე კვირაში შეხვედრას გამართავენ

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, მიმდინარე კვირაში უკრაინელ და ევროპელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრას გეგმავენ, რათა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებსა და ომისშემდგომი ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე იმუშაონ, - ინფორმაციას Axios-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრა ხუთშაბათს ბერლინში გაიმართება.
იმავე დღეს, დონალდ ტრამპი ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდება.
ოფიციალური პირის თქმით, ბერლინის შეხვედრის მიზანია, უკრაინაზე რუსეთის მომავალი თავდასხმების შესაჩერებლად უსაფრთხოების გარანტიების შემუშავება, ასევე მისი ეკონომიკის აღდგენის გეგმების შემუშავება.
წყაროს ცნობით, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტსა და თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსს სტივენ მილერს, რომლებიც ჩინეთში ტრამპთან ერთად იქნებიან, უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
Axios-ი წერს, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხია, მიიღებს თუ არა ევროპა უშუალო მონაწილეობას რუსეთთან მოლაპარაკებებში, რომლის მიზანიც ომის დასრულებაა. უიტკოფმა და კუშნერმა განაცხადეს, რომ რუსეთი დაეთანხმა მოლაპარაკების მაგიდასთან ევროპის ყოფნას, თუმცა ვლადიმერ პუტინის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვმა გუშინ განაცხადა, რომ მსგავს შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია.

























