CNN - აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ირანი ვაშინგტონში „ბინძური ბომბის“ აფეთქების გეგმას ამზადებს

CNN - აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ირანი ვაშინგტონში „ბინძური ბომბის“ აფეთქების გეგმას ამზადებს

აშშ-ის ახალი სადაზვერვო მონაცემების თანახმად, ირანი ამზადებს გეგმებს, რომელიც ითვალისწინებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ თავდასხმას ვაშინგტონში ე.წ. „ბინძური ბომბის“ აფეთქებით ან ქიმიური იარაღის გამოყენებით, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ შვიდმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ოფიციალური პირები კვლავ მსჯელობენ, აქვს თუ არა ირანს ასეთი გეგმის განხორციელების შესაძლებლობა ან აპირებს თუ არა მის განხორციელებას.

წყაროების შეფასებით, ამ ეტაპზე ირანის გეგმები უფრო შესაძლო მოქმედების ვარიანტების მომზადებას ემსახურება და არა მოსალოდნელ, გარდაუვალ თავდასხმაზე მიუთითებს. თუმცა, აშშ-ის მიერ გამოვლენილი გეგმა საკმაოდ კონკრეტულია და სამიზნე ობიექტებსა და ადგილებსაც მოიცავს. ამ ინფორმაციამ აშშ-ის შესაბამის უწყებებში საგანგებო სცენარების დაგეგმვის გააქტიურება გამოიწვია.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ლორენ ბისმა განცხადებაში აღნიშნა, რომ აშშ „აკვირდება ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, თუმცა ამ ეტაპზე ქვეყნისთვის რაიმე სარწმუნო საფრთხე არ არსებობს“.

თუმცა, ამერიკელი ოფიციალური პირები ამ სადაზვერვო ინფორმაციას ირანის მხრიდან ესკალაციისთვის სახიფათო მზაობის ნიშნად აღიქვამენ. ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ირანი აშშ-ის მიმდინარე სამხედრო დარტყმებისა და მკაცრი ეკონომიკური ბლოკადის ძლიერი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების განცხადებით, ბლოკადა ქვეყანას „გამანადგურებელ ზიანს“ აყენებს.

წყაროების თანახმად, ეს ინფორმაცია მიუთითებს, რომ თეირანი უკვე აქტიურად ამუშავებს აშშ-ის ტერიტორიაზე შესაძლო თავდასხმების გეგმებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ ირანმა მათი განხორციელება გადაწყვიტა.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები უკიდურესად მოწყვლადია არატრადიციული იარაღით განხორციელებული თავდასხმის მიმართ. „ბინძური ბომბების“ - რომლებიც რადიოაქტიურ მასალებს ჩვეულებრივ ასაფეთქებელ მოწყობილობაში აერთიანებს - დამზადება შედარებით მარტივია. ირანს სულაც არ სჭირდება ქვეყანაში გაწვრთნილი აგენტების ფარულად შეყვანა და საკმარისია, დაარწმუნოს შეერთებულ შტატებში უკვე მცხოვრები რომელიმე პირი, რომ თავდასხმა განახორციელოს.

აშშ-ის ოფიციალური პირები ასევე ყურადღებით აკვირდებიან სადაზვერვო ინფორმაციის კიდევ ერთ ნაკადს, რომლის თანახმადაც, ირანმა შესაძლოა ქიმიური იარაღი გამოიყენოს ახლო აღმოსავლეთში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ.

რამდენიმე ოფიციალური პირის განცხადებით, ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს არ გააჩნიათ სათანადო დამცავი აღჭურვილობა და არ არიან სათანადოდ მომზადებული მსგავსი თავდასხმისგან თავის დასაცავად.

CNN-თან საუბრისას ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ ამ შეშფოთებამ პარალელური საგანგებო გეგმის შემუშავება განაპირობა. გეგმა მიზნად ისახავს, რეგიონში მყოფი დიპლომატიური და სადაზვერვო პერსონალი უზრუნველყონ აუცილებელი აღჭურვილობითა და მომზადებით, რათა ირანის მხრიდან ქიმიური იარაღით შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში თავის დაცვა შეძლონ.