ჯარედ კუშნერი - უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მომავალი მრავალმხრივი შეხვედრისთვის მზადება დავიწყეთ

უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მომავალი მრავალმხრივი შეხვედრისთვის მზადება დავიწყეთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი სოციალურ ქსელში წერს.
ჯარედ კუშნერის განცხადებთ, დღეს აშშ-ის პრეზიდენტის კიდევ ერთ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან ერთად რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს, იური უშაკოვს ესაუბრა და „სამშვიდობო პროცესში მიღწეული შედეგი და შემდგომი ნაბიჯები“ განიხილა.
ასევე, კუშნერის ცნობით, „პროდუქტიული სატელეფონო საუბარი“ ჰქონდა უკრაინის, ევროპის ქვეყნების, ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლებთან.
მისი თქმით, მუშაობა მიმდინარეობს მრავალმხრივი შეხვედრის ორგანიზებაზე, რომლის ჩატარებაც უახლოეს მომავალში იგეგმება.
„განვიხილეთ, თუ როგორ შევუწყოთ ხელი ევროპასა და რუსეთს შორის პირდაპირ დიალოგს, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ უშუალოდ მოისმინოს ერთმანეთის წუხილი და წინადადებები, მაშინ, როდესაც ჩვენ ევროპის უფრო სტაბილური და უსაფრთხო მომავალისთვის ვმუშაობთ“, - აცხადებს კუშნერი.
ცნობისთვის, მანამდე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლების ჩართვის საკითხზე რუსეთთან შეთანხმება არ მომხდარა.
„ვიღაც ფორმატის გაფართოებაზე საუბრობს, მაგრამ ჩვენთან ეს არ შეთანხმებულა“, - აღნიშნა უშაკოვმა.
























