ადვოკატი - ტერმინ „გასაუბრებას“ სსკ არ ცნობს, ირაკლი ღარიბაშვილი მზად იყო, მაგისტრ მოსამართლესთან მიეცა ჩვენება, რაიმესთვის გვერდის ავლას არ აპირებს, პირიქით, ითხოვს გამოძიებას, რომ დაასახელოს მაღალი თანამდებობის პირები - აბსურდთან გვაქვს საქმე

ადვოკატი - ტერმინ „გასაუბრებას“ სსკ არ ცნობს, ირაკლი ღარიბაშვილი მზად იყო, მაგისტრ მოსამართლესთან მიეცა ჩვენება, რაიმესთვის გვერდის ავლას არ აპირებს, პირიქით, ითხოვს გამოძიებას, რომ დაასახელოს მაღალი თანამდებობის პირები - აბსურდთან გვაქვს საქმე

კორუფციული დანაშაულისთვის მსჯავრდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, „ირაკლი ღარიბაშვილი ითხოვს გამოძიების დაწყებას და [აპირებს] მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების დასახელებას“, რომლებიც მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და შანტაჟში მონაწილეობდა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ადვოკატმა განმარტა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა გამომძიებლებთან გასაუბრებაზე უარი თქვა, რადგან „ტერმინ გასაუბრებას სისხლის სიმართლის კოდექსი არ ცნობს“.

„როცა დაგვიკავშირდნენ, ჩვენ ამ ინიციატივას მივესალმეთ. ვიფიქრეთ, რომ იწყება გამოძიება. ირაკლი ღარიბაშვილი განწყობილი იყო, რომ გამოძიებისთვის მიეცა დეტალური ჩვენება, მაგრამ შემოვიდა ორი გამომძიებელი და გვეუბნება, რომ გამოძიება არ დაწყებულა. გვიცხადებენ, რომ ჩვენ გვინდა მხოლოდ გასაუბრება. ხაზს ვუსვამ გარემოებას, რომ გასაუბრება არა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით და წერილთან დაკავშირებით, არამედ სახალხო დამცველის ოფისიდან შემოვიდა წერილი და ამასთან დაკავშირებით გვინდა თქვენთან გასაუბრებაო. მოვუწოდეთ, მიეთითებინათ კანონით განსაზღვრულ ნორმაზე ან ტერმინზე, რას ნიშნავს გასაუბრება, რა ფორმატით უნდა მომხდარიყო. ტერმინ გასაუბრებას სისხლის სამართლის კოდექსი არ ცნობს. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ აუცილებლად დაწყებულიყო გამოძიება და ოქმში დავუფიქსირეთ,რომ ირაკლი ღარიბაშვილი მზად იყო, მაგისტრ მოსამართლესთან მიეცა დეტალური ჩვენება, პირთა დასახელებით, რაიმესთვის გვერდის ავლას ის არ აპირებს, პირიქით, ითხოვს გამოძიებას, რომ დაასახელოს კონკრეტული პირები, რომლებიც არიან მაღალი თანამდებობის პირები.

დღეს ჩვენ უკვე შევიტანეთ საჩივარი გენერალურ პროკურატურაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით. ჯერ ამბობდნენ, რომ საჩივარი არ არის შემოსული, ახლა საჩივარი შევიდა და დღეს შეტანილ საჩივარს, რა თქმა უნდა, გაცნობილები არ იქნებიან და ამ დროს აცხადებენ, რომ არ არის დანაშაულის ნიშნები. აბსურდთან გვაქვს საქმე“, - განაცხად ადვოკატმა.

ლილი გელაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის საქმე მიუკერძოებელი სასამართლოს პირობებში იმდენად მარტივად მოსაგები საქმეა, რომ ასეთი მარტივი საქმე აქამდე არც კი შეხვედრია.

„რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩვენ ყველა სამართლებრივ გზას გავივლით ეროვნულ საკანონმდებლო სივრცეში. ორჯერ ორი ოთხია ამ საქმეში, ეს საქმე არის მტკიცებულებათა თვალსაზრისით ისეთი ადვილად მოსაგები საქმე მიუკერძოებელი სასამართლოს პირობებში, რომ არ ვიცი, შეიძლება ჩემი პრაქტიკის მანძილზე ერთი და ორიც არ შემხვედროდა ასეთი საქმე“, - განაცხადა ადვოკატმა.