გრიგოლ გეგელია - „ქართული ოცნების“ სარჩელი აბსურდულია - მოსარჩელე მხარეს ბევრი სიმართლის და მწვავე კითხვის მოსმენა მოუწევს

გრიგოლ გეგელია - „ქართული ოცნების“ სარჩელი აბსურდულია - მოსარჩელე მხარეს ბევრი სიმართლის და მწვავე კითხვის მოსმენა მოუწევს

„ქართული ოცნების“ სარჩელი არის სრულიად აბსურდული, გვაბრალებს ისეთ რაღაცებს, რაც ბუნებაში არ არსებობს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გრიგოლ გეგელიას თქმით, მოსარჩელე მხარეს ბევრი მწარე კითხვის მოსმენა მოუწევს.

„სარჩელში ისეთი რაღაცებია, რაც უბრალოდ გადამოწმებადია, რომ ასე არ ყოფილა. ეს არის სრულიად სულელური სარჩელი, ყოველგვარი რეალური მტკიცებულებების გარეშე, ამიტომ მოსარჩელე მხარეს მოუწევს ბევრი სიმართლის მოსმენა და ბევრი მწვავე კითხვის მოსმენაც“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“. კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.