ნინო დოლიძე - გაფართოების ფორუმზე ჩემი გზავნილია: საუბარი სიმართლეზე, რაც ქვეყანაში ხდება, მაგრამ, ამავე დროს ის, რომ, მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, ქართველ ხალხს არ გაუშვან ხელი! - ყველა მძიმე პერიოდი დროებითია და შეიცვლება

ჩემი გზავნილი ერთია: სიმართლე, რაც ხდება ქვეყანაში, ამაზე საუბარი, მაგრამ, ამავე დროს, ქართველი ხალხის მხარდაჭერა, რომ, მიუხედავად ამ მძიმე მდგომარეობისა, ქართველ ხალხს არ გაუშვან ხელი! ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი. ყველა რაღაც მძიმე პერიოდი არის დროებითი და აუცილებლად შეიცვლება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კვლავ ჩვენ გვერდით იყვნენ და არ დაუთმონ სხვა აქტორებს საქართველოს ტერიტორია და მხარე,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ „ინტერპრესნიუსს“ ბრიუსელში განუცხადა, რომელიც ევროკავშირის გაფართოების ფორუმის ფარგლებში მონაწილეობდა პანელში სახელწოდებით: „სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების პერსპექტივა გაფართოების შესახებ“.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა წინსვლა თუ უკუსვლა დემოკრატიის მიმართულებით, საგარეო პოლიტიკური კურსი არასოდეს ყოფილა კითხვის ნიშანი.
„ის, რომ დღეს საქართველოს სახელი გამქრალია ასეთი საერთაშორისო ფორუმებიდან, არავის გვიხარია. ეს არის ძალიან მძიმე მოსასმენი. ჩვენ მართლაც ათწლეულები დავუთმეთ ევროინტეგრაციისკენ და ზოგადად ევროპისკენ სვლას. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და ჩვენ თავიდან მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ჩვენი გზა არის დასავლური, ეს არის ევროპული ცივილიზაციის გზა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა წინსვლა თუ უკუსვლა დემოკრატიის მიმართულებით, საგარეო პოლიტიკური კურსი არასოდეს ყოფილა კითხვის ნიშანი.
ასეთ მაღალი დონის ფართო ღონისძიებაზე საქართველო არ ისმის შესავალ სიტყვაში, როდესაც ყველა ქვეყანა იყო ნახსენები, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო იყო ჩემთვის და შესაბამისად, ძალიან მძიმე.
მე ძალიან მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა მესაუბრა პანელზე. ცხადია ჩემი მთავარი სათქმელი იყო, ერთი მხრივ რა ხდება ქვეყანაში, თუმცა ეს ძალიან კარგად იციან. მაგრამ ჩემი მთავარი გზავნილი ნამდვილად იყო ის, რომ მიუხედავად რეპრესიებისა, მიუხედავად რისკისა და არსებული მძიმე მდგომარეობისა, ქართველი ხალხი აგრძელებს ბრძოლას ევროპული მომავლისთვის და დაუდგნენ ქართველ ხალხს გვერდით აი, ამ ბრძოლაში!- აღნიშნა ნინო დოლიძემ.

























