ევროკავშირი უკრაინას 8 მილიარდამდე ევროს გადაურიცხავს

ევროკავშირი უკრაინას 8 მილიარდამდე ევროს გადაურიცხავს

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს უახლოეს მომავალში მიიღოს 8 მილიარდამდე ევრო Ukraine Facility-ის ინსტრუმენტის ფარგლებში, - ამის შესახებ საბჭოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

ამ თანხიდან დაახლოებით 5 მილიარდი ევრო გამოიყოფა უკრაინის მხარდასაჭერად 2026 წლის სესხის ფარგლებში გამოყოფილი რესურსებიდან.

„ეს არის ყველაზე დიდი ერთჯერადი გადახდა, რომელიც ევროკავშირს უკრაინისთვის ამ მექანიზმის ფარგლებში განუხორციელებია“, - ნათქვამია განცხადებაში.

საბჭო განმარტავს, რომ თანხის გაცემა განხორციელდება უკრაინის მიერ სხვადასხვა რეფორმასთან დაკავშირებული 20-ზე მეტი მიზნობრივი ნაბიჯის განხორციელების საფუძველზე. საუბარია სასამართლო სისტემაზე, კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაზე, ფინანსური ბაზრებისა და სახელმწიფო აქტივების მართვაზე, ადამიანურ კაპიტალზე, ბიზნეს გარემოზე, დეცენტრალიზაციასა და რეგიონულ პოლიტიკაზე, ენერგეტიკაზე, აგროსასურსათო სექტორზე, ციფრული ტრანსფორმაციასა და გარემოს დაცვაზე.

გადახდები დაკავშირებულია „უკრაინის გეგმასთან“, რომელიც განსაზღვრავს უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სტრატეგიას, ასევე რეფორმების განხორციელების ვადებს, რომლებიც ძირითადად შეესაბამება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სერგეი კორეცკიმ განაცხადა, ტრანშის მიღება უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი. მისივე განმარტებით, ამ თანხის ჩათვლით, უკრაინა წელს Ukraine Facility-ის ფარგლებში ჯამში 13.57 მილიარდ ევროს მიიღებს.