თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით, გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია ჩატარდა

გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის თანამედროვე გამოწვევები, სიცოცხლის გადარჩენის ინოვაციური მეთოდები, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და კრიტიკულად მძიმე პაციენტების მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტები - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო სკოლა-კონფერენციაზე განიხილეს.
12–14 ნოემბერს თბილისში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია გაიმართა.
სამდღიანმა სამეცნიერო ღონისძიებამ საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები, ექიმები, მკვლევრები, ახალგაზრდა მეცნიერები და სტუდენტები გააერთიანა.
კონფერენცია გახსნა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა:
„უაღრესად მნიშვნელოვანია თანამედროვე ცოდნისა და ახალი მიდგომების გაზიარება ექიმებსა და დარგის სპეციალისტებს შორის. მსგავსი საერთაშორისო შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რადგან მომავალი ექიმების პროფესიული განვითარება სწორედ თანამედროვე სამედიცინო ცოდნასა და უახლეს მიღწევებს უნდა ეფუძნებოდეს“.
კონფერენციის გახსნით ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა სამეცნიერო ცოდნის კლინიკურ პრაქტიკაში დროული ინტეგრაციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ თანამედროვე მედიცინის განვითარებისთვის აუცილებელია, სამეცნიერო კვლევების შედეგები და ინოვაციური მიდგომები პრაქტიკულ საქმიანობაში სწრაფად აისახოს.
„მეცნიერებისა და პრაქტიკული მედიცინის სინთეზი, რომელიც დღეს არის ასეთ მასშტაბურ ფორმატში წამოდგენილი, ბუნებრივია მოითხოვს წახალისებას და მაქსიმალურად გაფართოებას. აქ არაერთი მაღალი დონის ექსპერტი იმყოფება და ეს რა თქმა უნდა, კარგ საფუძველს ქმნის, რომ თანამედროვე მედიცინის ყველა მიღწევა რეალურად ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის“.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ ყურადღება გაამახვილა კონფერენციის ინტერდისციპლინურ მნიშვნელობასა და სამედიცინო განათლების განვითარების პრიორიტეტულობაზე.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონფერენციის ინტერდისციპლინური ხასიათი. უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში სამედიცინო განათლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ აქტიურად ვავითარებთ ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერის პროექტებს და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“.
კონფერენციის მთავარი მიზანი გადაუდებელი და კრიტიკული მედიცინის სფეროში თანამედროვე მიდგომების განხილვა, გამოცდილების გაზიარება და ისეთი სამედიცინო პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა იყო, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების სიცოცხლის გადარჩენასა და მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებას ემსახურება.
გადაუდებელი მედიცინა და ინტენსიური თერაპია თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. გულის გაჩერება, ინსულტი, მძიმე ტრავმა, სეფსისი, მწვავე ინფექციები და სხვა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები სწრაფ, ზუსტ და კოორდინირებულ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. ასეთ შემთხვევებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებს, არამედ სპეციალისტების პროფესიულ მომზადებას, დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობის სხვადასხვა ეტაპს შორის ეფექტიან თანამშრომლობას.
სწორედ ამ საკითხებს დაეთმო განსაკუთრებული ყურადღება საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის მთავარი სამეცნიერო მიმართულება იყო პაციენტისთვის უწყვეტი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა ჰოსპიტალიზაციამდე, ინტენსიურ თერაპიასა და შემდგომ რეაბილიტაციამდე.
თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, პროფესორი ლევან რატიანი: „კონფერენცია ექიმებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ უახლეს სამეცნიერო ინფორმაციას, გააანალიზონ თანამედროვე მიდგომები და მიღებული ცოდნა კლინიკურ პრაქტიკაში დანერგონ. ჩვენი მთავარი მიზანია მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის განვითარება და ახალი სამეცნიერო ცოდნის გამოყენება პაციენტების მკურნალობის შედეგების გასაუმჯობესებლად“.
თსსუ-ის კლინიკური ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორ ლუიზა გაბუნია: „ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საერთაშორისო პროფესიული კავშირების გაძლიერება, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განვითარება და ახალი თანამშრომლობის ხელშეწყობა. საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და პროფესიული დისკუსია ემსახურება კრიტიკული მდგომარეობების მართვის გაუმჯობესებას, ეფექტიანი კლინიკური გადაწყვეტილებების მიღებას და, რაც მთავარია, მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას“.
საქართველოსთვის მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრების ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ხელს უწყობს ქართველი ექიმების უშუალო ჩართულობას გლობალურ პროფესიულ დისკუსიებში, საერთაშორისო კლინიკური რეკომენდაციების გაცნობას, თანამედროვე კვლევების პრაქტიკაში დანერგვასა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.
თსსუ-ის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თამარ დიდბარიძემ ყურადღება გაამახვილა ჰოსპიტალური ინფექციების თანამედროვე ბაქტერიოლოგიური დიაგნოსტიკის, რეანიმაციულ პაციენტებში სოკოვანი ინფექციების მართვისა და ანტიმიკრობული პრეპარატების რაციონალური გამოყენების მნიშვნელობაზე.
„მე ვისაუბრე ჰოსპიტალური ინფექციების ბაქტერიოლოგიურ კვლევაზე და თანამედროვე შესაძლებლობებზე რომელიც მნიშვნელოვნად დაეხმარება რეანიმაციას შევზღუდოთ არასაჭირო ანტიბიოტიკები და შევაჩეროთ რეზისტენტობა. ანტიბიოტიკებთან დაკავშირებით თანამედროვე მიდგომაზე ყურადღება გაამახვილა რეანიმატოლოგთა ასოციაციის ევროპის პრეზიდენტმაც - ეს არის შეცვლილი მიდგომები. ჩვენ ყველა ერთად უნდა დავჯდეთ და განვიხილოთ საკითხები, რომელზეც ვმუშაობთ. ეს დაგვეხამრება, რომ უკეთესი გავხადოთ ჯანდაცვის სექტორი“.
კონფერენციის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიზიტიორი პროფესორი, ინტენსიური თერაპიის მედიცინის ევროპული საზოგადოების (ESICM) არჩეული პრეზიდენტი, პროფესორი მარია თეოდორაკოპულუ.
„ევროპის ქვეყნებს შორის პროფესიული თანამშრომლობა გადაუდებელი და ინტენსიური თერაპიის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. რადგან ჩვენი საბოლოო მიზანია ინტენსიური თერაპიისა და გადაუდებელი მედიცინის ხარისხის მაქსიმალურად გაუმჯობესება“, - აღნიშნა პროფესორმა მარია თეოდორაკოპულუმ.
მისი მოხსენებები შეეხებოდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, კრიტიკულად მძიმე პაციენტების ნუტრიციულ მხარდაჭერას, ინტენსიური თერაპიის მომავალსა და პაციენტის საწოლთან სწრაფი დიაგნოსტიკის თანამედროვე შესაძლებლობებს.
საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო სეფსისისა და სეპტიური შოკის მართვა, ანტიმიკრობული რეზისტენტობა და ანტიბიოტიკოთერაპიის ოპტიმიზაცია - საკითხები, რომლებიც თანამედროვე მედიცინის გლობალურ გამოწვევებს წარმოადგენს.
თსსუ-ის საპატიო დოქტორმა, პროფესორმა ალექსანდრე ლეჟავამ წარმოადგინა მოხსენება თემაზე „მოლეკულური დიაგნოსტიკა კლინიკურ გარემოში: მიმდინარე გამოწვევები და მიღწევები“. მან ყურადღება გაამახვილა კლინიკური ლაბორატორიების ეფექტიანი მართვისა და დიაგნოსტიკური სიზუსტის აუცილებლობაზე.
„კვლევით და კლინიკურ დიაგნოსტიკას შორის არსებითი განსხვავებაა., კლინიკურ პრაქტიკაში შეცდომები დაუშვებელია“.
ლონდონის სამეფო კოლეჯის ჰოსპიტლის ინტენსიური თერაპიის კონსულტანტმა, პროფესორმა დესპოინა კოულენტიმ ყურადღება გაამახვილა კრიტიკულად მძიმე პაციენტების მკურნალობის ინდივიდუალიზაციის აუცილებლობაზე.
„ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები ხშირად ანტიბიოტიკების დოზირებისა და შეყვანის მეთოდების განსხვავებულ მიდგომებს მოითხოვს. მკურნალობის გარკვეული მეთოდების ოპტიმიზაციით შესაძლებელია პაციენტების გადარჩენის მაჩვენებლების გაუმჯობესება დამატებითი მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯების გარეშეც“.
კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კრიტიკული მდგომარეობების მართვის გრძელვადიან შედეგებსაც.
თურქეთის ჰაჯეთეპეს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა არზუ თოფელმა აღნიშნა, რომ პანდემიამ და მსოფლიოში განვითარებულმა კრიზისებმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ინტენსიური თერაპიის სისტემების გაძლიერებისა და სამედიცინო მომსახურების უწყვეტობის მნიშვნელობა.
„თანამედროვე ინტენსიური თერაპიის მიზანი მხოლოდ პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა აღარ არის. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგი, რეაბილიტაცია და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება“.
საერთაშორისო სკოლა-კონფერენციის სამეცნიერო პროგრამა მედიცინის მრავალ მიმართულებას აერთიანებდა. მონაწილეებმა განიხილეს ნეიროკრიტიკული მედიცინის, კარდიოლოგიის, ანესთეზიოლოგიის, კლინიკური ტოქსიკოლოგიის, ტრავმატოლოგიის, გერიატრიული, პედიატრიული და ნეონატალური კრიტიკული მედიცინის აქტუალური საკითხები.
მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას გადაუდებელ მედიცინაში, მოლეკულური დიაგნოსტიკის განვითარებას, სწრაფ ლაბორატორიულ ტესტირებასა და პერსონალიზებული მკურნალობის შესაძლებლობებს.
კონფერენციის ფარგლებში საკუთარი კვლევები და კლინიკური გამოცდილება წარმოადგინეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორებმა, მკვლევრებმა და საუნივერსიტეტო კლინიკების ექიმებმა.
ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ახალგაზრდა მკვლევართა და მეცნიერთა ფორუმი იყო, რომელმაც სტუდენტებს, რეზიდენტებსა და დოქტორანტებს შესაძლებლობა მისცა, საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებას საკუთარი სამეცნიერო ნაშრომები და კლინიკური შემთხვევები გაეცნოთ.
სამდღიანი შეხვედრა მაღალი დონის ექსპერტთა მრგვალი მაგიდითაც გამოირჩეოდა, სადაც განიხილეს საქართველოში ინტენსიური თერაპიის განვითარების პერსპექტივები, ანტიმიკრობული რეზისტენტობის მართვის სტრატეგიები და გადაუდებელ მედიცინაში მულტიდისციპლინური თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობა.
კონფერენცია აკრედიტებული იყო საქართველოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ. მონაწილეებს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის 18 უწყვეტი პროფესიული განვითარების ქულა მიენიჭათ.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის, საერთაშორისო სკოლა-კონფერენციის ჩატარების მთავარი მიზანი იყო საქართველოში გადაუდებელი და კრიტიკული მედიცინის განვითარების, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებისა და თანამედროვე სამედიცინო ცოდნის კლინიკურ პრაქტიკაში ინტეგრაცია და სიცოცხლის გადარჩენის მეტი შესაძლებლობის შექმნა.
ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

























