მარტა კოსი - არ გვსურს, საქართველო გამოირიცხოს იმ საქმიანობიდან, რომლებსაც ვახორციელებთ ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროების მიმართულებით - ჩვენ კვლავ და კვლავ მოვიწვევთ მათ დაკავშირებადობის საკითხზე სასაუბროდ

ჩვენ კვლავ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. მოსახლეობის 80 პროცენტი ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, თუმცა, რა თქმა უნდა, მთავრობამ სწორი მიმართულებით უნდა იმოძრაოს, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, სფერო, სადაც საქართველოსთან ურთიერთობები შესაძლებელია, დაკავშირებადობაა.
“როგორც იცით, დაკავშირებადობის დღის წესრიგი ევროკომისიისთვის ამჟამად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ანუ, როგორ შეიძლება ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის უკეთესი კავშირების დამყარება. რა თქმა უნდა, საქართველოც ამ პროცესის ნაწილია, თუმცა ამ მიმართულებითაც არსებობს გარკვეული პირობები. როგორც იცით, პრეზიდენტმა თავის ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე, ბულგარეთში, გაიმართება სამიტი დაკავშირებადობის საკითხებზე. იმედი მაქვს, რომ მასში მონაწილეობას მიიღებენ ლიდერები და ერთად განიხილავენ ამ თემას. არ გვსურს, საქართველო გამოირიცხოს იმ უმნიშვნელოვანეს საქმიანობებს, რომლებსაც ვახორციელებთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული სფეროების მიმართულებით. გასულ კვირას კიშინიოვში დავესწარი კონფერენციას ციფრული დაკავშირებადობის შესახებ; იქ საქართველოს წარმომადგენლებიც მოვიწვიეთ, თუმცა მათ არ ისურვეს დასწრება. ამიტომ, ჩვენ კვლავ და კვლავ მოვიწვევთ მათ. მიმაჩნია, რომ ჩართულობა აუცილებელია, თუმცა, რა თქმა უნდა, მათაც უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები”, - აღნიშნა კოსმა.

























