ნიკა გვარამია - მიზანმიმართული ძალადობა ვინმეს დაზიანებისთვის შეუძლებელია ვინმეს მოსწონდეს, არც მე, ჩვენი პარტია და ჩემთვის ცნობილი არცერთი პარტია ამ რიგს არ მიეკუთვნება - ასევე, გაფრთხილება აქციის დაშლას არ აქცევს კანონიერად

მიზანმიმართული ძალადობა ვინმეს დაზიანებისთვის, იქნება ეს პოლიციელი თუ მით უმეტეს, პოლიციელის მხრიდან მომიტინგე, შეუძლებელია, რომ ნორმალიზებული იყოს, ვინმეს მოსწონდეს და დასაშვებად მიიჩნევდეს. არც მე, არც ჩვენი პარტია და ჩემთვის ცნობილი არცერთი პარტია ამ რიგს არ მიეკუთვნება, მე ასე ვფიქრობ - ასე უპასუხა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, სერგო მეთოფიშვილის შეკითხვას, იყო თუ არა გასული წლების აქციებზე პიროტექნიკის და სხვა ძალადობრივი საშუალებების გამოყენება ძალადობრივი აქციის შემცველი.
ამასთან, მოსამართლის კიდევ ერთ შეკითხვაზე: „რა მომენტიდან შეიძლება პოლიტიკური პროტესტი გასცდეს კონსტიტუციით დაცული გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფარგლებს და რა კრიტერიუმებით უნდა დადგინდეს შეიცავს თუ არა პოლიტიკური ლიდერის განცხადება ძალადობისკენ მოწოდებას“, გვარამიას თქმით, „ძალადობა ნებისმიერ შემთხვევაში დაგმობადი ქმედებაა, მაგრამ ყოველთვის არსებობს წინაპირობები, რომელთა შეფასება მნიშვნელოვანია“.
მისივე თქმით, „გაფრთხილება აქციის დაშლას არ აქცევს კანონიერად, ეს ლეგალისტური მიდგომა და ვალის მოხდაა“.
„ძალადობრივი აქცია დაა უკანონო აქცია არ არის ერთი და იგივე. შეიძლება აქცია იყოს უკანონო, მაგრამ არა ძალადობრივი. შეიძლება აქცია იყოს კანონიერი, მაგრამ ძალადობრივი. მნიშვნელოვანია ეს ძალადობა არის ინციდენტური ხასიათის და სპორადულია, თუ წინასწარ დაგეგმილია, მიზნად ისახავს რაიმე შედეგს. ასევე, მნიშვნელოვანია რომელ ეტაპზე წარმოიშვა.
რაც შეეხება „მოლოტოვის კოქტეილებსა“ და პიროტექნიკას, ამ ორს შორის განსხვავება დიდია. „მოლოტოვის კოქტეილი“, ბუნებრივია, რომ გარკვეულ მომზადებას საჭიროებს და იგი მომზადებულია წინასწარ. ის არის აალებადი საშუალება და ზიანის მოტანა თან დაჰყვება მის გამოყენებას. პიროტექნიკასთან დაკავშირებით ვითარება ასეთი არაა. ის არ არის იარაღი. ის შეიძლება აკრძალული ნივთების ჩამონათვალში არის, ბოლო ცვლილებებით ის შევიდა აკრძალული ნივთების ჩამონათვალში, მაგრამ იმ რაკურსში გადაყვანა, რომ აქცია ძალადობრივია და პიროტექნიკით შეიძლება კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ამაზე ვერ ვიმსჯელებთ, იმიტომ, რომ ეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაა. ასევე, შესაფასებელია ეს არის დამიზნებით სროლა ზიანის მისაყენებლად თუ ეს არის ჰაერში სროლა, რამაც გამოიწვია თანმდევი ზიანი.
მათ შორის საქართველოშიც აქციების შეფასება უფრო მეტად ხდება შინაარსით და იმის მიხედვით ვინ მონაწილეობს. მათ შორის პოლიციის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებაც ასე ხდება და არა იმის მიხედვით რეალურად როგორ მიმდინარეობს აქცია. ვყოფილვარ აქციებზე, ეს არ ყოფილა პარტიების მიერ ორგანიზებული აქციები და რაც მინახავს დარბევები, სრულიად გაუგებარი მიზეზით იწყებოდა ყველა, მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილება იყო ნათქვამი. გაფრთხილება აქციის დაშლას არ აქცევს კანონიერად. ეს ლეგალისტური მიდგომაა, ვალის მოხდაა. გაფრთხილების გამო აქცია არც უკანონოდ იქცევა და არც ძალადობრივად.
ბუნებრივია, რომ მონაწილეებს არ აქვთ ვალდებულება, რომ დაემორჩილონ ვინც არ უნდა იყოს ეს. იქნება ეს ქალი, რომლის ხმაც ჩაწერილია თუ ვინც არ უნდა იყოს. არ აქვთ ვალდებულება დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს. უკანონო ბრძანება არ ნიშნავს პასუხს ძალადობით. უკანონო ძალადობა ნიშნავს აუცილებელი მოგერიების პირობების დადგომას. ძალადობა ნებისმიერ შემთხვევაში დაგმობადი ქმედებაა, მაგრამ ყოველთვის არსებობს წინაპირობები, რომელთა შეფასება მნიშვნელოვანია“,- განაცხადა გვარამიამ.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, სერგო მეთოფიშვილი კვლავ დაინტერესდა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ჰკითხა იყო თუ არა „ხელისუფლების შეცვლის მიზნით სახელმწიფო შენობების ძალადობრივი დაკავება ან პოლიციელზე თავდასხმა დაშვებული პოლიტიკური ბრძოლის ფორმაა“, რაზეც გვარამიამ უპასუხა, რომ „არა!“
„არა და არ მგონია ვინმე მიიჩნევდეს. ძალადობრივს დასაშვებად არაფერს მივიჩნევთ“,- განაცხადა გვარამიამ.
მოსამართლე იმითაც დაინტერესდა, „იმის გამო, რომ გასული წლების განმავლობაში გამართულ აქციებზე გამოყენებული იყო პიროტექნიკა და სხვა ძალადობრივი საშუალებები, იყო თუ არა ეს ძალადობრივი აქცია“.
„ძალადობა ვერ გახდება ნორმა. ძალადობრივი აქცია არ ნიშნავს აქციაზე ძალადობას. ეს ავტომატურად იდენტური არ არის. ძალადობრივი აქცია ნიშნავს, რომ ის ამ მიზნით გამოვიდა, რომ ეძალადა და კონკრეტული მიზნისთვის მიეღწია. ჩემი ღრმა რწმენით, ეს იყო უკანონო დაშლები სახელმწიფოს მხრიდან და ინციდენტური ძალადობის პასუხები იყო ამ დაშლებზე, რომელი მათგანი შედიოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და რომელი არა, რომელი იყო დამიზნებით სროლა და რომელი არა, მე ამაზე ვერ ვიმსჯელებ.
ზოგადად, მიზანმიმართული ძალადობა ვინმეს დაზიანებისთვის, იქნება ეს პოლიციელი თუ მით უმეტეს, პოლიციელის მხრიდან მომიტინგე, შეუძლებელია, რომ ნორმალიზებული იყოს, ვინმეს მოსწონდეს და დასაშვებად მიიჩნევდეს. არც მე, არც ჩვენი პარტია და ჩემთვის ცნობილი არცერთი პარტია ამ რიგს არ მიეკუთვნება, მე ასე ვფიქრობ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

























