მარტა კოსი - იმედი მაქვს, იანვარში, საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განვიხილავთ და გარკვეული წინსვლა იქნება

ძალიან გამიხარდა, რომ გუშინ ჩვენთან იმყოფებოდნენ ევროპელი ახალგაზრდა ელჩები, მათ შორის საქართველოდანაც. მათ, ისევე როგორც ჩვენ, ჯერ კიდევ სწამთ ევროპული მომავლის. სწორედ ამიტომ ინარჩუნებს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თუმცა, მისი თქმით, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე აქვს და სანამ არ გადაიდგმება ნაბიჯები ფუნდამენტური საკითხების მიმართულებით, წინსვლა შეუძლებელი იქნება.
“ბოლო პერიოდში ორჯერ თუ სამჯერ მივიწვიეთ საქართველოს წარმომადგენლები ჩვენს ღონისძიებებზე, რომლებიც დაკავშირებულობას ეხებოდა, მაგრამ ისინი არ მოსულან. ვცდილობთ თანამშრომლობას, ვიწვევთ მათ, თუმცა თავად არ სურთ მოსვლა. ჩვენ არ ვიწვევთ მათ უმაღლეს დონეზე, მაგრამ, ზოგადად, ვცდილობთ ჩართულობის შენარჩუნებას”, - აღნიშნა ევროკომისარმა.
მისი თქმით, იმედი აქვს, რომ საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ.
“როგორც იცით, გვსურდა დიალოგის გამართვა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. იმედი მაქვს, რომ იანვარში, საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე განვიხილავთ საქართველოს საკითხს, როგორც უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა დააანონსა და ამ მიმართულებით გარკვეული წინსვლა იქნება”, - აღნიშნა კოსმა.

























