მარტა კოსი საქართველოს მთავრობაზე - ჩვენ მათ ვიწვევთ, მუდმივად ვეუბნები, რომ შეუძლიათ, ჩაერთონ დაკავშირებადობის დღის წესრიგში, მაგრამ ისინი არ მოდიან და მე მადანაშაულებენ, თითქოს არ ვრთავთ პროცესში - კარგი, რა!

მარტა კოსი საქართველოს მთავრობაზე - ჩვენ მათ ვიწვევთ, მუდმივად ვეუბნები, რომ შეუძლიათ, ჩაერთონ დაკავშირებადობის დღის წესრიგში, მაგრამ ისინი არ მოდიან და მე მადანაშაულებენ, თითქოს არ ვრთავთ პროცესში - კარგი, რა!

იანვარში, საგარეო საქმეთა საბჭოზე, წევრ სახელმწიფოებთან გვექნება დისკუსია საქართველოს შესახებ, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ქართველ პოლიტიკოსთან, “ლელო - ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერ სალომე სამადაშვილთან გასაუბრების დროს, ბრიუსელში განაცხადა.

კოსმა უპასუხა შეკითხვას, რას ელოდება იანვარში, საგარეო საქმეთა საბჭოში დაგეგმილი განხილვისგან.

“კონკრეტულს არაფერს ველოდები, თუმცა იანვარში, საგარეო საქმეთა საბჭოზე, წევრ სახელმწიფოებთან გვექნება დისკუსია საქართველოს შესახებ - იმაზე, თუ როგორ შეიძლება ვითანამშრომლოთ საქართველოსთან”, - აღნიშნა მარტა კოსმა.

მან კომენტარი გააკეთა დაკავშირებადობის საკითხზეც და განაცხადა, რომ მუდმივად იწვევენ საქართველოს მთავრობას დაკავშირებადობის დღის წესრიგში ჩასართავად, თუმცა უარს აცხადებენ.

„ჩვენ მათ ვიწვევთ. ყოველთვის ვეუბნები, რომ შეუძლიათ, დაკავშირებადობის დღის წესრიგის ნაწილი იყვნენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამისთვის თავადაც უნდა მოვიდნენ. ჩვენ ვიწვევთ, მათ კი მოსვლა არ სურთ და ამასთანავე, მადანაშაულებენ და მაკრიტიკებენ, თითქოს პროცესში არ ვრთავდეთ. კარგი, რა! დღესაც კი მოვიწვიეთ ისინი - დღეს ხომ დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების კონფერენცია იმართება”, - აღნიშნა კოსმა.

თავის მხრივ, სალომე სამადაშვილმა ევროკომისარს განუცხადა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, პირობითობის პრინციპი დაკავშირებადობის პროექტებზეც შენარჩუნდეს, “წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მიიღებენ იმას, რაც სურთ”.