ირაკლი კობახიძე - 2031 წლისთვის დაგეგმილი გვაქვს ავტობანის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულება - ეს არის ამბიციური გეგმა, თუმცა, აბსოლუტურად რეალისტური

ირაკლი კობახიძე - 2031 წლისთვის დაგეგმილი გვაქვს ავტობანის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულება - ეს არის ამბიციური გეგმა, თუმცა, აბსოლუტურად რეალისტური

ყველა მიმართულებით, რაც უკავშირდება დაკავშირებადობას, ტრანზიტს, გვაქვს ამბიციური გეგმები და აბსოლუტურად თანმიმდევრობით მივყვებით ამ გეგმის განხორციელებას. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ხუთი წლის შემდეგ საქართველო თვისებრივად გაძლიერებული იქნება ამ თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე - „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკურ ზრდაში ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსპორტისა და ლოგისტიკის წვლილი.

„ეკონომიკურ ზრდაში ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსპორტისა და ლოგისტიკის წვლილი. შუა დერეფანი იქცა გლობალური სავაჭრო რუკის განუყოფელ ნაწილად და ეს ქვეყნის სტრატეგიულ როლს კიდევ უფრო მეტად ზრდის. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები ამ მიმართულებით. დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია იგეგმება ამ სფეროში, ჩვენი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლის გასაძლიერებლად და ჩვენ დაგეგმილი გვაქვს საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში 2031 წლისთვის ავტობანის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულება. ეს არის ამბიციური გეგმა, თუმცა, აბსოლუტურად რეალისტური. ამაზე ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურად მუშაობს. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს საპორტო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, 2029 წლისთვის უკვე დასრულდება ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზა. ასევე, აეროპორტებთან მიმართებაში, გეგმაზომიერად ვმუშაობთ. ხორციელდება ქუთაისის აეროპორტის ინფრასტრუქტურის გაფართოება. ბათუმში არის ამბიციური გეგმები და ასევე დაგეგმილი გვაქვს თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის, ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა, რომელიც 2031 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. რკინიგზის მიმართულებით გვაქვს ასევე ამბიციური გეგმები, თვისებრივად გაძლიერდება რკინიგზის შესაძლებლობები. ყველა მიმართულებით, რაც უკავშირდება დაკავშირებადობას, ტრანზიტს, გვაქვს ამბიციური გეგმები და აბსოლუტურად თანმიმდევრობით მივყვებით ამ გეგმის განხორციელებას. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ხუთი წლის შემდეგ საქართველო თვისებრივად გაძლიერებული იქნება ამ თვალსაზრისით, შესაბამისად, ყურადღებას არ მოვაკლებთ ამ თემას“, - განაცხადა პრემიერმა.