ანდრეი სიბიგას განცხადებით, რუსეთი იმეორებს ულტიმატუმს, რომელიც წინ უძღოდა საქართველოსა და უკრაინაში შეჭრას

ანდრეი სიბიგას განცხადებით, რუსეთი იმეორებს ულტიმატუმს, რომელიც წინ უძღოდა საქართველოსა და უკრაინაში შეჭრას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, რუსეთის ძველი ულტიმატუმი ახალი იარლიყით დაბრუნდა: „ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა“.

“ჩვენ ეს ადრეც გვინახავს. 2007 წელი: მიუნხენში პუტინი ნატო-ს გაფართოებას „საფრთხეს“ უწოდებს. 2008 წელი : ბუქარესტში კრემლი საქართველოსა და უკრაინის ნატო-ს პერსპექტივებთან დაკავშირებით მუქარას გამოთქვამს. რამდენიმე თვეში რუსეთი საქართველოში შეიჭრება. 2021 წელი: მოსკოვი მოითხოვს გაფართოების შეჩერებას და 1997 წლის ხაზებზე დაბრუნებას. რამდენიმე თვეში რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას იწყებს. ახლა იგივე ულტიმატუმი ახალი იარლიყით დაბრუნდა: „ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა“”, - აცხადებს სიბიგა.

მისი თქმით, დროა გაიზარდოს ზეწოლა რუსეთზე და პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აიძულონ, სერიოზულად მოეკიდოს სამშვიდობო ძალისხმევას.

“ეს დიალოგისკენ მოწვევა არ არის. ისტორია გვიჩვენებს, თუ რა მოჰყვება ამას: რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების ახალი ესკალაცია აგრესიული ფორმებით, მათ შორის აშკარა შეიარაღებული აგრესიით. რუსეთის თამაშებში თამაშის ნაცვლად, დროა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთის რეჟიმზე, ვაიძულოთ პუტინი, სერიოზულად მოეკიდოს სამშვიდობო ძალისხმევას და დავასრულოთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია”, - აცხადებს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.