ჯარედ კუშნერი - ვაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს რუსეთთან, უკრაინასთან და ევროპელ პარტნიორებთან შემდეგი ნაბიჯების შესახებ - გაჩნდა იდეები, რომლებმაც შეიძლება გარღვევა გამოიწვიოს

ჯარედ კუშნერი - ვაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს რუსეთთან, უკრაინასთან და ევროპელ პარტნიორებთან შემდეგი ნაბიჯების შესახებ - გაჩნდა იდეები, რომლებმაც შეიძლება გარღვევა გამოიწვიოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა და სიძემ, ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის მზადების პროცესში რამდენიმე ახალი იდეა გაჩნდა, რამაც შეიძლება გარღვევა გამოიწვიოს ან ახალ წინადადებებად გადაიქცეს.

„ჩვენი სამმხრივი შეხვედრებისა და პრეზიდენტ პუტინთან და ზელენსკისთან შემდგომი განხილვების შემდეგ, მე და სტივ უიტკოფი ვაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს რუსეთთან, უკრაინასთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან შემდეგი ნაბიჯების შესახებ. ამჟამად ჩვენი ყურადღება გამახვილებულია მოსკოვსა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს შორის პირდაპირი დიალოგის ხელშეწყობაზე, ასევე სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის დღის წესრიგის მომზადებაზე”, - დაწერა კუშნერმა სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ამ დისკუსიებიდან რამდენიმე ახალი იდეა გაჩნდა და ამჟამად მათი შესწავლა მიმდინარეობს.

“ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა პირდაპირ გარღვევამდე მიგვიყვანოს, ზოგი კი შესაძლოა ახალ წინადადებებად გადაიქცეს, რაც დარჩენილი ხარვეზების შევსებას შეუწყობს ხელს. როგორც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნათლად განაცხადა, ხანგრძლივი მშვიდობისთვის საჭიროა უკრაინისთვის სანდო უსაფრთხოების გარანტიები და დეტალური, ქმედითი ომის შემდგომი უსაფრთხოების ზომები, რომლებიც შეამცირებს კიდევ ერთი ომის რისკს”, - აღნიშნა კუშნერმა.

მისი თქმით, ნატო კვლავაც დარჩება ევროპის უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს საყრდენად. ამ როლის გაძლიერებას ხელს შეუწყობს სამხედრო თანამშრომლობის, კომუნიკაციის, კონფლიქტების თავიდან აცილებისა და ორმხრივი დეესკალაციის უფრო მძლავრი მექანიზმები, აგრეთვე დავების მოგვარების პრაქტიკული გზები, რათა ისინი კრიზისში არ გადაიზარდოს.

“სწორედ ამიტომ ვმუშაობთ, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები უშუალოდ ჩავრთოთ ამ დისკუსიებში. ნებისმიერი საბოლოო შეთანხმება შესაბამისმა მხარეებმა უნდა დაამტკიცონ და პრეზიდენტი ტრამპი მხოლოდ იმ შეთანხმებებს დაუჭერს მხარს, რომლებიც გააძლიერებს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებას და შეამცირებს მომავალი კონფლიქტის ალბათობას”, - აღნიშნა კუშნერმა.

მისი თქმით, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია ორივე მხარის მიერ წამოყენებული ზოგიერთი მაქსიმალისტური პოზიციის შესახებ, რასაც თან ახლდა მკვეთრი პოლიტიკური რიტორიკა. თუმცა, პირად საუბრებში ორივე მხარე აცნობიერებს, რომ ამ ომის დასასრულებლად პრაქტიკული კომპრომისების მიღწევა იქნება აუცილებელი. კუშნერმა ხაზი გაუსვა, რომ მათ შორის, ვინც გადაწყვეტილებების პოვნას ესწრაფვის, სერიოზული და კონსტრუქციული მუშაობა გრძელდება.

“ამ ომის ადამიანური დანაკარგები უმძიმესია, ხოლო გადასაჭრელი საკითხები განსაკუთრებულად რთული. მიუხედავად ამისა, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, გავაგრძელოთ ინტენსიური მუშაობა, დავიცვათ მგრძნობიარე მოლაპარაკებებისთვის აუცილებელი კონფიდენციალურობა და ვიპოვოთ გზა ამ საშინელი ომის დასასრულებლად და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად”, - დაწერა კუშნერმა.