მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე - აბუ-დაბის მთავრობას, თუ ვისაც შეუძლია ამის გაკეთება, გთხოვთ, გაათავისუფლეთ ეგ ბიჭები - მებრძოლები ვართ და ასეთი რამ შეიძლება მოხდეს

აბუ-დაბის მთავრობას, თუ ვისაც შეუძლია ამის გაკეთება, გთხოვთ, გაათავისუფლეთ ეგ ბიჭები, - ამის შესახებ ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში Real American Freestyle-ის ფარგლებში გამართული ბრძოლის შემდეგ განაცხადა.
“აბუ-დაბის მთავრობას თუ ვისაც შეუძლია ამის გაკეთება, გთხოვთ, გაათავისუფლეთ ეგ ბიჭები და, გთხოვთ, გამოუშვით. ვინაიდან უბრალოდ მებრძოლები ვართ და ასეთი რამ შეიძლება მოხდეს. მინდა, რომ გამოვიდნენ,” - განაცხადა დვალიშვილმა.
11 ნოემბერს, აბუ-დაბიში, UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზიშვილი ფიზიკური დაპირისპირების მონაწილეები გახდნენ - ინციდენტი სასტუმროს ფოიეში მაშინ მოხდა, როცა მერაბ დვალიშვილს დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. სასტუმროში მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა საბა ლაზიშვილი.
მომხდართან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. პოლიციამ დაპირისპირების ყველა მონაწილე პოლიციაში გადაიყვანა.
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ფაქტზე, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ, თავად მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი კი, ინციდენტის ამსახველი ვიდეოს გავრცელებისთვის დააჯარიმეს.
























