გიგა ბოკერია - ქვეყნის ინტერესებთან, ჩვენი მოქალაქეების მომავალთან ივანიშვილი და მისი გარემოცვა შეუთავსებელია - მისი მართვის სისტემა ემყარება კრიმინალურ, რუსულ ქუჩურ, კორუმპირებულ გაგებას

გიგა ბოკერია - ქვეყნის ინტერესებთან, ჩვენი მოქალაქეების მომავალთან ივანიშვილი და მისი გარემოცვა შეუთავსებელია - მისი მართვის სისტემა ემყარება კრიმინალურ, რუსულ ქუჩურ, კორუმპირებულ გაგებას

ამ ქვეყნის ინტერესებთან, ჩვენი მოქალაქეების მომავალთან ეს კაცი [ბიძინა ივანიშვილი] და მისი გარემოცვა შეუთავსებელია. მისი მართვის სისტემა ემყარება კრიმინალურ, რუსულ ქუჩურ, კორუმპირებულ გაგებას. საბჭოთა ჭაობის გაგრძელებაა ყველა გამოვლინებაში, - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში” განაცხადა.

ბოკერიას თქმით, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა დაინახოს ქვეყანაში არსებული ვითარების სიმძიმე და გაიაზროს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების გამოცვლის გარეშე ეს ვითარება ვერ შეიცვლება.

„ქართულ ოცნებაში” ერთმანეთის ჭამა მიდის იმიტომ, რომ მოშლილია ის შხამიანი ფუნდამენტი, რაზეც ამ კაცს [ბიძინა ივანიშვილს] დამყარებული ჰქონდა ძალაუფლება. ძალაუფლება ჯერ კიდევ აქვს, მაგრამ იქ არის უმძიმესი კრიზისი და ამ კრიზისის მიზეზები ლოგიკურია. როცა ამ შხამიან ნიადაგზე ამყნობ ძალაუფლებას - კრიმინალთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, ქვეყნის გარე მტრებთან ბუნებრივი მოკავშირეობით, ფუნდამენტური თამაშის წესების დეკლარირებულად ჩანაცვლებით… ივანიშვილმა თქვა, საქართველო „გაგების” ქვეყანა არისო ანუ ჩვენ ინსტიტუტების ქვეყანა კი არ ვართ, სახელმწიფო ტერმინი იმიტომაც არ უყვარს ამ კაცს, ასე უნდა იმართებოდეს, რუსული შინაარსით, საზოგადოების მიმართ ღრმა უპატივცემულობით, ცუდი პატრონი როგორც ექცევა შინაურ ცხოველებს. იმ ხალხის დაჭერისას, ვინც მისი გარემოცვა იყო, როდესაც იეჭვიანა თუ რამე სხვა შიში ჰქონდა, დაიჭირა და თან გვეუბნება, მილიონები და ოქროს ზოდები ჰქონდა სახლშიო.

საზოგადოება ხედავს და ჩვენი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა დაინახოს ის უმძიმესი სიმართლე, რომ ამ რეჟიმისა და ამ კაცის [ბიძინა ივანიშვილი] გამოცვლის გარეშე ეს ვითარება ვერ შეიცვლება, ამ რეჟიმის ბუნებიდან გამომდინარე.

შიგნით მას [ბიძინა ივანიშვილს] აგონია და ისტერიკა აქვს. წარმოიდგინეთ, სუს-ის უფროსები ასე ცვალა, ერთი დანიშნა, მერე ერთ კვირაში გამოცვალა, მერე, თუ ის მოარული ხმები სწორია, იმასაც დასაჭერად აქვს საქმე [სუს-ის ყოფილ უფროსს, მამუკა მდინარაძეს]. აი, ამ ხალხის შემრჩევი კაცი [ბიძინა ივანიშვილი] მართავს დღეს ქვეყანას, ამიტომ რაც არ უნდა თქვან მის მიერ დღეს შერჩეულმა ადამიანებმა, რომლებიც ხვალ შეიძლება ასევე დაიჭირონ, იმიტომ, რომ მათზეც იეჭვიანებს, ეს არაფერს ცვლის.

ამ ქვეყნის ინტერესებთან, ჩვენი მოქალაქეების მომავალთან ეს კაცი და მისი გარემოცვა შეუთავსებელია. მისი მართვის სისტემა ემყარება კრიმინალურ, რუსულ ქუჩურ, კორუმპირებულ გაგებას. საბჭოთა ჭაობის გაგრძელებაა ყველა გამოვლინებაში”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.