საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა 16 ნოემბერს, 14:00 საათზე განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა 16 ნოემბერს, 14:00 საათზე განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელი სხდომა, რომელზეც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა მიმდინარეობდა, დასრულდა. მომდევნო სხდომა 16 ნოემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

სხდომის დასრულების წინ „კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენელმა გიგა ლემონჯავამ მოსამართლეებს დაგეგმილი სხდომების გადადება სთხოვა. მისი თქმით, თბილისში საპროტესტო აქციისთვის მზადება იწყება. მან სთხოვა მოსამართლეებს, რომ გაითვალისწინონ ეს გარემოება.

„რამდენადაც ახლა აქციის ორგანიზების კამპანიაში ვართ, ჩვენი თხოვნა იქნება, რომ რაღაც პერიოდით გადავდოთ ეს სხდომა იმიტომ, რომ თბილისში მოგვიწევს ყოფნა, არ გვინდა ხელი შეგვეშალოს ამაში”, - მიმართა გიგა ლემონჯავამ მოსამართლეებს.

რევაზ ნადარაიამ ლემონჯავას თხოვნაზე უარი უთხრა და განუმარტა, რომ პროცესების გადადების რესურსები და შესაძლებლობა მათ არ გააჩნიათ.

„შეიძლება, თქვენთვის არის აღქმა, რომ სასამართლო ჩქარობს და ამაზე ადრეც ითქვა, მაგრამ საქმე არის ძალიან მასშტაბური. ეს ისეთი მასშტაბური საქმეა, მსგავსი არ ყოფილა საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს საქმეები რომ დაინიშნა, იმდენად მასშტაბურია, რომ აბსოლუტურად ყველა მოსამართლე, მთელი აპარატი არის კონცენტრირებული და ორიენტირებული ამ საქმეზე. მე, როგორც თავმჯდომარეს, ხომ მაქვს სხვა, ადმინისტრაციული ფუნქციებიც? ამის განხორციელებაშიც კი მეშლება ხელი, ასე რომ ეს რადგანაც დავიწყეთ, უნდა დავამთავროთ იმიტომ, რომ სხვა მოსარჩელეებიც გველოდებიან. კი, გვესმის ამ საქმის უდიდესი მნიშვნელობა, მაგრამ რომ დავიწყეთ, ვინაიდან სხვა საქმეების განხილვას აფერხებს, დაწყებული უნდა დავამთავროთ.

ამავდროულად, საქმე მასშტაბურია, შესწავლილია და რომ გადავდოთ, ისევ ახლიდან უნდა დაიხარჯოს რესურსები. ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი და შესაძლებლობა, რომ ეს საქმე ხანგრძლივი დროით გადავდოთ. ახლა დადგენილ გრაფიკსა და გეგმას მივყვეთ”, - მიმართა რევაზ ნადარაიამ.