ლევან ბეჟაშვილი - მიხეილ სააკაშვილის პოზიციას განმსაზღვრელი როლი აქვს - მმართველმა საბჭომ კონსულტაციები უნდა გამართოს მასთან და თუ სხვა ადამიანებს შეუძლიათ უკეთესად წარმოაჩინონ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები, არც ეგაა პრობლემა

მიხეილ სააკაშვილის პოზიციას განმსაზღვრელი როლი აქვს პარტიის წარმომადგენლობაში - მმართველმა საბჭომ კონსულტაციები უნდა გამართოს მასთან და თუ სხვა ადამიანებს შეუძლიათ უკეთესად წარმოაჩინონ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები, არც ეგ არის პრობლემა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლო პროცესზე პარტიის წარმომადგენლებს გამიჯვნა არ მოუხდენიათ, რადგან სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ქმედებებსა და პარტიულ პასუხისმგებლობას შორის ზღვარს თავად კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები ავლებს.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი სტრატეგია აქვს საკონსტიტუციო სამართალწარმოებასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფორმატი ხშირად ვერ და არ ითვალისწინებს ისეთ საკითხებზე მსჯელობას, რომელიც პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხი არის. ჩვენ წმინდა საკონსტიტუციო სამართალწარმოებიდან გამომდინარე ვცდილობთ, რომ დავამტკიცოთ - პარტიის გაუქმების კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. ეს არის დაცვის სტრატეგია და მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დაინახოს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ წარმოადგენს საფრთხეს კონსტიტუციური წეს-წყობილების დაცვისთვის.
„ქართული ოცნებისა“ და სასამართლოს მიზანია, რომ წარსულის ორომტრიალში ვაწარმოოთ იურიდიული დებატი. ჩვენი ამოცანაა, რომ დღეს სასამართლო დავარწმუნოთ, წარსულში მომხდარი ფაქტები არ არის რელევანტური დღეს.
მიხეილ სააკაშვილის პოზიციას განმსაზღვრელი როლი აქვს პარტიის წარმომადგენლობაში. პარტიის ხელმძღვანელობამ უნდა იმსჯელოს, მმართველმა საბჭომ კონსულტაციები გამართოს მიხეილ სააკაშვილთან და შეუძლია სხვა ადამიანებმაც უკეთესად წარმოაჩინონ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები - არც ეგ არის პრობლემა.
ჩვენ, პარტიის წარმომადგენლებს, არაფერი გამიჯვნა არ მოგვიხდენია, ამას აკეთებს კანონმდებლობა და ამას აკეთებს საერთაშორისო სტანდარტები - როდესაც სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ქმედებებზე არის საუბარი, ეს ვერ შეერაცხება პოლიტიკური პარტიის აკრძალვას. ჩვენი სამართლებრივი არგუმენტაცია კონსტიტუციისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ეფუძნება. სხვა შეფასება არის პოლიტიკური დებატები - თუ ვმართავთ პოლიტიკურ დებატებს, კი ბატონო, მაშინ ვიხელმძღვანელებთ იმ დოკუმენტებით, რომლებიც არსებობს, უბრალოდ სასამართლოს ფორმატი არ იძლევა ამის საშუალებას. მე მესმის სააკაშვილის პათოსი, რომ პოლიტიკური არგუმენტები ძალიან მნიშვნელოვანი არის, მით უმეტეს, პოლიტიკური პარტიების გაუქმებაზე არის საუბარი და ამაზე ხშირად ვსაუბრობთ უკვე სასამართლოს გარეთ“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

























