ანა წითლიძე მოსამართლის კითხვაზე: რას უჭერდა მხარს 4 ოქტომბერს? - როცა ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მიტაცებულია, როცა ხელისუფლება არალეგიტიმურია, ადამიანებს აქვთ უფლება, ქუჩაში გამოვიდნენ და ნებისმიერი ადმინისტრაციული შენობა დაიკავონ!

როდესაც ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მიტაცებულია, როდესაც არალეგიტიმურია ხელისუფლება, როდესაც არჩევნები არ აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, რომ გამოვიდნენ ქუჩაში და დაიცვან საკუთარი კონსტიტუციური უფლება, მათ შორის, ნებისმიერი ადმინისტრაციული შენობა დაიკავონ, ეს არის ჩემი პასუხი და არა პარტიის, - ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში, მოსამართლის მიერ დასმულ კითხვას, რას უჭერდა მხარს 4 ოქტომბერს?
მისი თქმით, ის ამას ფიქრობდა 4 ოქტომბერსაც და დღესაც, რადგან ქვეყანას ჰყავს არალეგიტიმური ხელისუფლება.
„მე არ ვთვლი ლეგიტიმურად ამ ხელისუფლებას. შესაბამისად, რომ მეკითხებით 4 ოქტომბერს რას უჭერდით მხარსო, ბატონო თავმჯდომარე, მე ვუჭერდი მხარს იმას, რომ როდესაც ხელისუფლება არის არალეგიტიმური და მარტო მე არ მითქვამს ეს, მათ შორის, აშშ-ის დეკლარაციაშიც არის და ჯეფერსონმა თქვა თავის დროზე; როდესაც ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მიტაცებულია და ჩემი შეფასებაა ეს, როდესაც არალეგიტიმურია ხელისუფლება, როდესაც არჩევნები არ აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, რომ გამოვიდნენ ქუჩაში და დაიცვან საკუთარი კონსტიტუციური უფლება, მათ შორის, ნებისმიერი ადმინისტრაციული შენობა დაიკავონ, ეს არის ჩემი პასუხი და არა პარტიის. ჩემი კონკრეტული პასუხი, რადგან მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც 4 ოქტომბერს მხარს ვუჭერდი და დღესაც ზუსტად ასე ვთვლი, იმიტომ, რომ ამ ქვეყანას ჰყავს არალეგიტიმური ხელისუფლება.
ადმინისტრაციულ შენობებს ისე ნუ გამოვიყვანთ, რომ საკუთრებაა. როდესაც ოკუპირებული აქვს ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფო სტრუქტურები, შეგვიძლია, რომ გავათავისუფლოთ, საქართველოს მოქალაქეებს ამის უფლება აქვთ“, - განაცხადა წითლიძემ.

























