მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ფაქტზე, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ, თავად მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი კი, ინციდენტის ამსახველი ვიდეოს გავრცელებისთვის დააჯარიმეს

UFC-ის მებრძოლ მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ფაქტზე, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000 დირჰემის ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ, - ამის შესახებ ინფორმაციას Croco.ge ავრცელებს.
რაც შეეხება მერაბ დვალიშვილსა და 21 წლის ასევე ქართველ მოჭიდავე საბა ლაზიშვილს, როგორც სპორტული საინფორმაციო ვებგვერდი Sportall.ge წერს, მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს, ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის 50-50 ათასი დირჰემის (13615$) ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრეს.
ამასთან, Sportall.ge-ს ცნობით, მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილისთვის გამოწერილ ჯარიმას თავად ის ორგანიზაცია - RAF-ი დაფარავს, რომლის ღონისძიების ფარგლებშიც სპორტსმენები აბუ-დაბიში იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, აბუ-დაბიში, UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზიშვილი ფიზიკური დაპირისპირების მონაწილეები გახდნენ - ინციდენტი სასტუმროს ფოიეში მაშინ მოხდა, როცა მერაბ დვალიშვილს დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად დაესხა თავს. სასტუმროში მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა საბა ლაზიშვილი. მომხდართან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. პოლიციამ დაპირისპირების ყველა მონაწილე პოლიციაში გადაიყვანა.

























