ნიკა ჩერქეზიშვილი - ქვეყნებში, სადაც კენტი და ლუწი ნომრების მქონე მანქანების განაწილება ხდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი საათივით წიკწიკებს და მუშაობს! თბილისში ეს შექმნის მძიმე პრობლემებს: ხალხს ბავშვები დარჩებათ სკოლებში, სამსახურებში ვერ მივლენ!

ნიკა ჩერქეზიშვილი - ქვეყნებში, სადაც კენტი და ლუწი ნომრების მქონე მანქანების განაწილება ხდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი საათივით წიკწიკებს და მუშაობს! თბილისში ეს შექმნის მძიმე პრობლემებს: ხალხს ბავშვები დარჩებათ სკოლებში, სამსახურებში ვერ მივლენ!

კენტი და ლუწი სანომრე ნიშნების მიხედვით ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა მძიმე შედეგებს მოიტანს - ხალხს ბავშვები დარჩებათ სკოლებში, ვერ მივლენ სამსახურში დროულად. ჯერ ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ამის შემდეგ უნდა ისაუბრო აკრძალვებზე! - ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ თბილისის საკრებულოს წევრი ნიკა ჩერქეზიშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომელმაც დედაქალაქში საცობების განმუხტვის ერთ-ერთ შესაძლო გზად ავტომობილების გადაადგილების კენტი და ლუწი სანომრე ნიშნების მიხედვით გადანაწილების სისტემა დაასახელა.

როგორც ნიკა ჩერქეზიშვილმა აღნიშნა, „ამ სოციალურ გარემოში, როდესაც კატასტროფულად გაძვირდა ბენზინი, ქუჩაში სასეირნოდ არავინ დადის“.

„ხალხი ავტომობილებით იმიტომ გადაადგილდება, რომ მათი შემოსავლის წყაროა, ან ოჯახის წევრები, ბავშვები დაჰყავთ სკოლაში ან ბაღში. სკოლებიც დანგრეულია და უწევთ ერთი რაიონიდან მეორე რაიონში სიარული. არავინ დადის სასეირნოდ, ყველას მიზნობრივი გამოყენება აქვს. კენტი და ლუწი სანომრე ნიშნების მიხედვით ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა მძიმე შედეგებს მოიტანს. მიცდია ავტობუსით მგზავრობა და მოლოდინის დროები ხშირად 1 საათზე მეტია და დამატებით 1 საათი გჭირდება რომ დანიშნულების ადგილზე მიაღწიო. ხალხს ბავშვები დარჩებათ სკოლებში, ვერ მივლენ სამსახურში დროულად. ნაცვლად იმისა, რომ დედაქალაქის მერი საუბრობდეს საკუთარ არაეფექტურ მმართველობაზე, რომ ვერ უზრუნველყო 3 ვადის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, ხიდების, ესტაკადების მშენებლობა, ეს გარკვეულწილად პრობლემას ვერ მოაგვარებდა, მაგრამ იქამდე მაინც არ მივიდოდით, რომ აკრძალვებსა და შეზღუდვებზე გვესაუბრა.

მხოლოდ ჯარიმა, შეზღუდვა, მოსაკრებლის დაწესება... როდესაც მაგალითად მოჰყავთ ევროპული ქვეყნები, სადაც კენტი და ლუწი ნომრები გამოიყენება, გადავხედოთ, როგორ არის იქ მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. არ შეიძლება მხოლოდ ერთი მხრიდან შეედარო. როგორ შეიძლება ლონდონზე ისაუბრო, ლონდონშიც ასე არისო. ვნახოთ, როგორ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და არ ისარგებლებთ საკუთარი ავტომობილით. საათივით წიკწიკებს და მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ჯერ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ესაუბრო აკრძალვაზე“,- აღნიშნა ნიკა ჩერქეზიშვილმა.

რაც შეეხება კონკრეტულ უბნებში კამერების დაყენებასა და ფასიანი შესვლის სისტემის დანერგვაზე, ნიკა ჩერქეზიშვილის შეფასებით, „პრობლემის მოგვარებით კუთხით ესეც ვერაფერს შეცვლის და ერთადერთი, რასაც შეცვლის, „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკების ჯიბეში უფრო მეტი ფული წავა თბილისელების გადასახადებიდან“.

რაც შეეხება დედაქალაქში არსებული პრობლემის მოგვარების გზებს, ნიკა ჩერქეზიშვილის თქმით, „უპირველეს ყოვლისა უნდა შეწყდეს ურბანული და უკონტროლო გენოციდი, რომელიც თბილისს ჭამს“.

„დიდ დიღომში გაუვალი მდგომარეობა, „გუდვილთან“ ექვსი 35 სართულიანი კორპუსი შენდება. არ შეიძლება მხოლოდ კორპუსების შენება იყოს თბილისის განვითარება. ბეტონად იქცა ნიადაგი, წვიმის შედეგად წყალს ვეღარ ატარებს“,- აღნიშნა ნიკა ჩერქეზიშვილმა.

გარდა აღნიშნული საკითხებისა, ნიკა ჩერქეზიშვილმა ცხოველთა სამარხებზე გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. როგორც მან განმარტა, თუ მერია მართალია, შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გასაჯაროვდეს.

„თუ მერია მართალია და არ ხდებოდა ცხოველების არაჰუმანური ხოცვა, თუ სამარხებში დაცული იყო ეკოლოგიური და სანიტარული ნორმები, თვითონ მერიის ინტერესში რატომ არ უნდა შედიოდეს დოკუმენტაციის გამოქვეყნება, ექსპერტიზის დასკვნების გამოქვეყნება, რომ საზოგადოებას დაანახოს, თუკი ყველაფერი წესრიგშია. თავად უწყებას ხომ უნდა აინტერესებდეს, მისი სიმართლის გასაჯაროება. ბუნებრივად იბადება კითხვები. რადგან ეს დოკუმენტაცია არ ქვეყნდება, ადგილზე ვერ ნახულობენ ადამიანები რა მდგომარეობაა. ეს ავტომატურად მიუთითებს, რომ რაღაც კარგად არ არის. კადრებში კარგად ჩანს, რომ დაცული არ არის სანიტარული ნორმები. ლეგიტიმურია ცხოველთა უფლებადამცველების კითხვა, როდესაც წლების განმავლობაში მიკედლებული მყავდა ძაღლი, ვუვლიდი, სად წავიდა? პასუხი არ არის. „მანქანამ გაიტანა“, ბუნებრივი სიკვდილით დაიღუპა“ - როგორ შეიძლება, ათასობით ძაღლი ცამოწმენდილზე ამ მდგომარეობაში აღმოჩნდეს?“ - აღნიშნა ჩერქეზიშვილმა.