ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთში ვიზიტის შემდეგ, ამერიკულმა გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა

რუსეთში ვიზიტის შემდეგ, ამერიკულმა გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა: ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან, ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“სტივმა და ჯარედმა მითხრეს, რომ ეს ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა იქნება. ჩვენი ჯარისკაცები, სახლში ბრუნდებიან. დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. ეს რეალური შედეგია. უპირველეს ყოვლისა, ეს, რა თქმა უნდა, წარმატებაა ოჯახებისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის, რადგან ადამიანები სახლში, საკუთარ ოჯახებთან დაბრუნდებიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან კიდევ ერთ მნიშვნელოვან შედეგად შეაფასა ის ფაქტი, რომ შემდეგ ჯერზე ევროპელები მოლაპარაკებების მაგიდასთან იქნებიან და ხმის უფლება ექნებათ.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შემდეგი შეხვედრა ყველა ამ მომლაპარაკებლის მონაწილეობით უახლოეს მომავალში გაიმართება.

























