ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე ორ სპეცრაზმელს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე ორ სპეცრაზმელს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

სამოქალაქო აქტივისტის, ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ორ სპეცრაზმელს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით ბრალდებულებს ასევე 3 წლით საქმიანობის უფლების შეზღუდვაც შეეფარდათ.

ცნობისთვის, ზვიად მაისაშვილისა და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გდდ-ს სამი თანამშრომელია დაკავებული. სამივე ბრალდებულს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავებიან, ერთს კი დამატებით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლასაც.

პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.

ორი სპეცრაზმელი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნული საქმიდან ლევან ხაბეიშვილის საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.