ანა წითლიძე - პარტიების აკრძალვაში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს, ეს არის მოქალაქეების გადასაწყვეტი - „ქართული ოცნება“ ბევრი მიზეზის გამო ასაკრძალი მგონია, მაგრამ არასდროს არ ავკრძალავ ჩემი შესაძლებლობა რომ იყოს

ანა წითლიძე - პარტიების აკრძალვაში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს, ეს არის მოქალაქეების გადასაწყვეტი - „ქართული ოცნება“ ბევრი მიზეზის გამო ასაკრძალი მგონია, მაგრამ არასდროს არ ავკრძალავ ჩემი შესაძლებლობა რომ იყოს

პოლიტიკური პარტიების აკრძალვაში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს, ეს არის მოქალაქეების გადასაწყვეტი, ვის მისცემენ მანდატს დემოკრატიულ ქვეყანაში და ვის არა. „ქართული ოცნება“ ბევრი მიზეზის გამო ასაკრძალი მგონია, მაგრამ არასდროს არ ავკრძალავ ჩემი შესაძლებლობა რომ იყოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, მან ასევე უპასუხა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ვასილ როინიშვილის კითხვას, თუ რაში ხედავენ ისინი გამიჯვნას მმართველ ძალასა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობას შორის. როგორც წითლიძემ აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, არაა რელევანტური აკრძალო პოლიტიკური პარტია, რადგან „2003-იდან-2012 წლამდე არცერთი მინისტრი არ ყოფილა პარტიული“.

„ჩემი მთავარი კითხვა მათ შორის არსებითი განხილვის დროს, სწორედ ეს იყო: „რას გვედავებიან?“ - ითხოვენ პოლიტიკური პარტიის აკრძალვას სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო 2003-იდან- 2012 წლამდე, რეალობა ესაა. რამდენად რელევანტურია, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო აკრძალო პოლიტიკური პარტია?

პოლიტიკური პარტიის აკრძალვა რეალურად უნდა გამომდინარეობდეს მისი მიზნებიდან და მისი მოქმედებებიდან. როდესაც ჩვენ ვსვამდით კითხვას, რომ სარჩელში „ქართული ოცნება“ გვედავებოდა 2003-იდან-2012 წლამდე პერიოდზე, ბუნებრივად გვქონდა ეს კითხვა, რას გვედავებოდა. გუშინ მათი პასუხებიდანაც ვერ გავიგეთ. თუ კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის პირების გადაწყვეტილებებს გვედავება, ინდივიდუალურს, რა შუაშია დღეს ის „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის აკრძალვასთან?

2003-დან -2012 წლამდე რამდენი მინისტრი, მინისტრის მოადგილე და თანამდებობის პირი ჰყავდა მაშინდელ ხელისუფლებას? და რამდენი მათგანი იყო პარტიული? მე შემიძლია გითხრათ, რომ უმრავლესობა არა. თქვენც ბრძანდებოდით, ბატონო ვასილ [საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ვასილ როინიშვილი], პროკურორის მოადგილე, პარტიული იყავით? „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილს 2012 წლიდან არაერთი განცხადება უკეთებია, მათ შორის, იმასთან დაკავშირებით, რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომები[...] რაც შეეხება პარტიულობას, არცერთი მინისტრი 2003-იდან-2012 წლამდე არ ყოფილა პარტიული.

აქ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე იყო საუბარი, რა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო „ნაციონალურმა მოძრაობამო“. 2012 წელს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები რომ წააგო, წავიდა მშვიდი პოლიტიკური პასუხისმგებლობით.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვაში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს, ეს არის მოქალაქეების გადასაწყვეტი, ვის მისცემენ მანდატს დემოკრატიულ ქვეყანაში და ვის არა. „ქართული ოცნება“ ბევრი მიზეზის გამო ასაკრძალი მგონია, მაგრამ არასდროს არ ავკრძალავ ჩემი შესაძლებლობა რომ იყოს. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა უპასუხონ მას კონკრეტულად არჩევნებზე“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

წითლიძის კითხვაზე იყო თუ არა ვასილ როინიშვილი პარტიული, როცა მას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს პროკურორის მოადგილის თანამდებობა ეკავა, მან უპასუხა, რომ „არა“.

„არასდროს ვიყავი არცერთი პარტიის წევრი“, - აღნიშნა როინიშვილმა.