ჯარედ კუშნერი - მოლაპარაკების მაგიდასთან ევროპელებიც უნდა გვყავდნენ

რეალობა ისაა, რომ ამჟამად მხარეებს შორის ნდობა არ არსებობს - საკმაოდ რთული დისკუსიები იყო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა აბუ-დაბიში სამმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ POLITICO-ს განუცხადა.
კუშნერის თქმით, არ არსებობს მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ორი დღის განმავლობაში არ წამოჭრილა. მისი თქმით, ტერიტორიის საკითხი აშკარად „ყველაზე რთული“ გადასაჭრელი იქნება.
POLITICO წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მტკიცებით, უკრაინის ტერიტორიასთან დაკავშირებული საკითხები მხოლოდ ლიდერების დონეზე შეიძლება განიხილებოდეს. კუშნერის განმარტებით, ასეთი შეხვედრა ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. „ცხადია, ლიდერებს შორის დიდი ნდობა ან სიყვარული არ არის“, - აღნიშნა კუშნერმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დადებითი შედეგი ტყვეების გათავისუფლებაზე შეთანხმება იყო.
„ერთ-ერთი დადებითი მხარე ის იყო, რომ შევთანხმდით, გვექნება ტყვეების ყველაზე დიდი გათავისუფლება - ხვალ დავასრულებთ რიცხვებზე შეთანხმებაას“, - აღნიშნა კუშნერმა.
მისი თქმით, ტრამპის მეორე წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან ერთად მოსკოვში გაემგზავრება, რათა შეხვდნენ პრეზიდენტ პუტინს, განიხილონ აბუ-დაბიში განხილული საკითხები და შეეცაონ უფრო მეტი პროგრესის მიღწევას ზოგიერთ საკითხში.
კუშნერის თქმით, მოსკოვში ვიზიტი უმნიშვნელოვანესია და პუტინთან საუბრისას მისი კიდევ ერთი მთავარი მიზანი იქნება, რომ მან ევროპელებს მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში ჩართვის უფლება მისცეს.
“მჯერა, რომ მოსკოვში, სტივთან ერთად, წარმატებას მივაღწევთ და პრეზიდენტი პუტინი ამის კურთხევას მოგვცემს. ვფიქრობ, თუ ის ამაზე დათანხმდება, გაცილებით მეტ პროგრესს შევძლებთ“, - განაცხადა კუშნერმა.
POLITICO წერს, რომ კუშნერი და უიტკოფი ახლა ევროპელი ოფიციალური პირების ჩართვას ითხოვენ მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში, რათა შეძლონ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე ტოტემური აკვიატების - ნატო-სთან ურთიერთობებისა და ევროპული უსაფრთხოების მომავალი სისტემის - განხილვაზე გადასვლა.
„მოლაპარაკების მაგიდასთან ევროპელებიც უნდა გვყავდნენ. არაერთხელ პირდაპირ ვუთხარით პრეზიდენტ პუტინს და მის გუნდს, რომ ამის მიღწევის ერთადერთი გზა მათი ჩვენს გვერდით ყოფნაა და ვფიქრობ, ისინი ამ წინადადების მიმართ მიმღებლობას იჩენენ“, - აღნიშნა კუშნერმა.
მისი თქმით, აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების მიზანი იყო ყველა საკითხის განხილვა და შემდეგ „ყველა მათგანის ერთდროულად მოგვარების გზის პოვნა“.
„ვფიქრობ, რომ ამ დისკუსიების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ ომისშემდგომი უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ მოხდება მანამ, სანამ არ იქნება შეთანხმება ტერიტორიასთან და ყველა სხვა ორმხრივ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კუშნერმა.

























