კახა კალაძე - თბილისში ყველაზე დიდი პრობლემა მანქანაზე დამოკიდებულებაა - თუ გვინდა პრობლემის მოგვარება, შეიძლება შევჯერდეთ, რაღაც დღეებში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დასაშვები, კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლა

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში საცობების პრობლემის მოსაგვარებლად კენტი და ლუწი ნომრების სისტემას ან კონკრეტულ უბნებში ფასიანი შესვლის შესაძლებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელია, თუმცა საზოგადოებამაც უნდა გამოხატოს მზაობა.
კალაძე ამბობს, რომ დღეს თბილისში ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ავტომობილზე დამოკიდებულება და რაოდენობაა.
კალაძის თქმით, მის გუნდს ხშირად აკრიტიკებენ, რომ არ აშენებენ ესტაკადებს, თუმცა "ესტაკადის გაკეთება, არ არის გამოსავალი".
"ეს პირიქით, იქნება წახალისება ავტომობილების მიმართულებით. ავიღოთ კონკრეტული მაგალითი - გმირთა მოედანზე არსებული ესტაკადა. თავის დროზე, როცა გაკეთდა, გამტარუნარიანობა ჰქონდა, გავიდა დრო გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა და დღეს წარმოადგენს უდიდეს პრობლემას. ერთ კონკრეტულ ადგილზე რომ გაკეთდეს ესტაკადა, გვეუბნებიან, რომ ეს არაფერს მოგვცემს. შეიძლება კონკრეტული მონაკვეთი დღეს სწრაფად გაიაროს ავტომობილმა, სხვა მონაკვეთზე იგივე პრობლემა შეიქმნება და შეიძლება გაიჭედოს ჩვენი ქუჩებისა და გამზირებიდან გამომდინარე. შესაბამისად, დღეს ჩვენ თუ გავაკეთებთ ესტაკადებს და შეიძლება კონკრეტულ მონაკვეთებში თავისუფლად იყოს გადაადგილება შესაძლებელი, ათი წლის მერე რას ვაკეთებთ? იგივე პრობლემის წინაშე დავდგებით, როდესაც გაიზრდება კიდევ უფრო ავტომობილების რაოდენობა. შესაბამისად, ეს არ არის გამოსავალი.
ხშირად გვაკრიტიკებენ, რომ გზებს ვავიწროებთ, საავტობუსო "ზოლებს რომ აკეთებთ"... თითქოს ეს იყოს პრობლემა.
მარტივი მაგალითი მინდა, მოვიყვანო - აღმაშენებლის ხეივანი, სადაც არანაირი ინფრასტრუქტურული ჩარევა არ გაკეთებულა, არანაირი საავტობუსო ზოლი არ დახაზულა. რა ხდება აღმაშენებლის ხეივანზე - უბრალოდ, გარკვეულ მონაკვეთებში, კონკრეტულ დღეებში მთელი დღის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, თავისუფლად გავლა შეუძლებელია, იმდენად ბევრი ავტომობილი გადაადგილდება.
ამით რისი თქმა მინდა, რომ დღეს ქალაქში ყველაზე დიდი პრობლემა არის მანქანაზე დამოკიდებულება და ავტომობილების რაოდენობა. ის რომ, მერია არაფერს არ აკეთებს.. რა თქმა უნდა, არის შესაძლებელი, მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები, როგორც სხვადასხვა ქვეყანაში ხდება ხომ? როდესაც იღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გავითავისოთ. მაგალითად , თუ გვინდა პრობლემის მოგვარება, შეიძლება მაგაზეც შევჯერდეთ, რაღაც დღეების განმავლობაში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დასაშვები. ან კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლა როგორც ხდება ხოლმე. როგორც გაკეთდა ბევრ ევროპულ ქალაქში, მაგრამ საზოგადოებაც მზად უნდა იყოს ამისთვის", - აღნიშნა კახა კალაძემ "იმედის" ეთერში და დასძინა: ისე არ გამოვა, რომ მუნიციპალიტეტი არაფერს არ აკეთებს და პრობლემა არის. არა. უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და მაშინ ყველამ უნდა გავიჭირვოთ".

























