გიორგი კახიანი - პარტიებს აქვთ პოლიტიკური თავისუფლება, არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადონ და ამაში მათ არავინ ედავება, აქ საუბარია იმაზე, თუ რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი და როგორი ხასიათი აქვს ამ ქმედებებს

პოლიტიკურ პარტიებს აქვთ პოლიტიკური თავისუფლება, არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადონ და ამაში მათ არავინ ედავება - ჩვენი დავის საგანია განგრძობადი და უწყვეტი ხასიათის ქმედებები, რომლებიც კონკრეტული მტკიცებულებებით არის დადასტურებული სარჩელში, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძეს, რომელიც დაინტერესდა არაკონსტიტუციურობის თვისებას პარტიების მიერ თითოეული ბოიკოტი და არჩევნების არ აღიარება იძენს თუ განმეორებითი ქმედება.
როგორც კახიანმა აღნიშნა, პოლიტიკური პარტიების მიერ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება არის უწყვეტი ხასიათის და არა ერთჯერადი.
„ქმედებები, რომლებიც მოპასუხე პარტიებს არაკონსტიტუციურად შეერაცხათ, კომპლექსურად უნდა განვიხილოთ. ეს არ არის ერთი კონკრეტული ქმედება, რომელიც შესაძლოა, კონსტიტუციურ ფარგლებში ჯდებოდეს. როდესაც ვსაუბრობთ ბოიკოტზე ან არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებაზე, ცხადია, ეს პოლიტიკური კონკურენციისა და დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია. პოლიტიკურ პარტიებს აქვთ პოლიტიკური თავისუფლება, არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადონ და ამაში მათ არავინ ედავება. აქ საუბარია იმაზე, თუ რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი და როგორი ხასიათი აქვს ამ ქმედებებს. მნიშვნელოვანია, რომ ისინი დროში განგრძობადი და უწყვეტი ხასიათისაა და არა ერთჯერადი. გარდა ამისა, ამ ქმედებებს თან ახლდა არა მხოლოდ ძალადობისკენ მოწოდებები, არამედ კონკრეტული ძალადობრივი ფაქტებიც, მათ შორის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის კონტექსტში.
არაკონსტიტუციური ქმედებები სწორედ ამ ერთობლიობაში უნდა დავინახოთ და არა რომელიმე ერთი კონკრეტული ფაქტის ჭრილში. ამ საკითხითაც მანიპულირებდა მოპასუხე მხარე, თითქოს ჩვენ მათ სწორედ ერთ კონკრეტულ ქმედებას ვედავებოდით. რეალურად, ჩვენი დავის საგანია განგრძობადი და უწყვეტი ხასიათის ქმედებები, რომლებიც კონკრეტული მტკიცებულებებით არის დადასტურებული სარჩელში,“ - განაცხადა კახიანმა.

























