ნიკა გვარამია - მურთაზ ზოდელავა პარტიის წევრი არასდროს ყოფილა და კურსელობის გამო თუ გაგვასამართლეს, ნახევარი საქართველო უნდა ჩაჯდეს ციხეში - ვადასტურებ, რომ ჩემი მეგობარი და კურსელია, მაგრამ ამიტომ ვართ გადატრიალების მომწყობი? არ გრცხვენიათ?“

პარტიის წევრი არასდროს ყოფილა [მურთაზ ზოდელავა] და კურსელი თუა და კურსელობის გამო თუ გაგვასამართლეს, ნახევარი საქართველო უნდა ჩაჯდეს ციხეში, ყველა კურსელი ხართ, ვინც დაღუპეთ საქართველო, - ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, პარტიების აკრძალვის საქმეზე, მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ წარმომადგენელს, არჩილ გორდულაძეს.
ნიკა გვარამიამ ამ სიტყვებით პასუხი გასცა არჩილ გორდულაძეს, რომელმაც სხდომაზე განაცხადა, რომ მურთაზ ზოდელავა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული, რაც „არავისთვის უცხო არ არის“.
„პარტიის წევრი არასდროს ყოფილა და კურსელი თუა და კურსელობის გამო თუ გაგვასამართლეს, ნახევარი საქართველო უნდა ჩაჯდეს ციხეში, ყველა კურსელი ხართ, ვინც დაღუპეთ საქართველო. არ შეიძლება ამის კეთება, რასაც ახლა ესენი აკეთებენ, ჯერ ერთი პარტიულად დაკავშირება პიროვნული ურთიერთობის გამო, არასწორია და კი, ვადასტურებ, რომ ლაპარაკია ჩემს მეგობარზე, კურსელზე და ა.შ. მაგრამ რაღაც პარტიული აფილიაციების მოწებება ამის გამო გინდა ჩვენთვის და გინდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, არ შეიძლება. რომ ვადასტურებ, რომ ჩემი მეგობარია, ამიტომ ვართ გადატრიალების მომწყობი ყველა ერთად? არ გრცხვენიათ?“ - განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას ამ სიტყვების შემდეგ მასა და არჩილ გორდულაძეს შორის კამათი დაიწყო.
„ვინ რა დაღუპა, მაგაზე რომ დავიწყოთ ლაპარაკი, ვინც ეს ქვეყანა დაღუპა, ყველა ხართ აქ და მოპასუხეები ხართ“, - მიმართა არჩილ გორდულაძემ ნიკა გვარამიას.
მხარეებს შორის კამათის დასრულების შემდეგ კი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა.

























