არჩილ გორდულაძე - არ შეიძლება საკითხის ასეთი უტრირება მოხდეს, რომ პოლიტიკური პარტია თუ აიკრძალა, მის ამომრჩეველსაც სარჩევნო უფლება ეზღუდება - არავითარი პირდაპირი კავშირი არ აქვს ამომრჩევლის ნების შეზღუდვასთან არაკონსტიტუციური პარტიის აკრძალვას

არჩილ გორდულაძე - არ შეიძლება საკითხის ასეთი უტრირება მოხდეს, რომ პოლიტიკური პარტია თუ აიკრძალა, მის ამომრჩეველსაც სარჩევნო უფლება ეზღუდება - არავითარი პირდაპირი კავშირი არ აქვს ამომრჩევლის ნების შეზღუდვასთან არაკონსტიტუციური პარტიის აკრძალვას

არ შეიძლება საკითხის ასეთი უტრირება მოხდეს, რომ პოლიტიკური პარტია თუ აიკრძალა, მის ამომრჩეველსაც სარჩევნო უფლება ეზღუდება. არავითარი პირდაპირი კავშირი არ აქვს ამომრჩევლის ნების შეზღუდვასთან კონკრეტული არაკონსტიტუციური პარტიის აკრძალვას - ასე უპასუხა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის გოგა კიკილაშვილის შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა იმას, თუ რამდენად იწვევს პოლიტიკური პარტიის აკრძალვა ამომრჩევლის ნების შემდეგში გამორიცხვას და რამდენად არის რეალიზებული ამომრჩევლის პოლიტიკური ნება მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, ამომრჩევლის ნების მიმართ უპატივცემლობის გამოხატულებაა ის, როდესაც პოლიტიკური პარტიები მანდატზე უარს ამბობენ და საპარლამენტო ცხოვრებაში არ იღებენ მონაწილეობას.

„აქ წარმოდგენილი პარტიებიდან სამი პოლიტიკური პარტია საერთოდ არ არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. რა არის პოლიტიკური პარტიის მთავარი მიზანი - სხვადასხვა დემოკრატიული საშუალების გამოყენებით, იყოს ხმა წარმომადგენლობით ორგანოში, მოვიდეს ხელისუფლებაში და შესაბამისად, მიიღოს სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებში მონაწილეობა. როცა ამომრჩევლები მიდიან და ხმას აძლევენ ამა თუ იმ პარტიას, რა თქმა უნდა, თავიანთ მანდატებს გადასცემენ თავიანთივე მოსაწონ პოლიტიკურ პარტიას. როდესაც ეს პოლიტიკური პარტიები ამ მთავარ მანდატს, რომელიც გადასცა ამომრჩეველმა, უგულებელყოფენ და აღარ იღებენ მონაწილეობას საპარლამენტო ცხოვრებაში, ეს პირველ რიგში ამომრჩევლის მიმართ უპატივცემლობის გამოხატულებაა. არ შეიძლება საკითხის ასეთი უტრირება მოხდეს, რომ პოლიტიკური პარტია თუ აიკრძალა, მის ამომრჩეველსაც სარჩევნო უფლება ეზღუდება. არავითარი პირდაპირი კავშირი არ აქვს ამომრჩევლის ნების შეზღუდვასთან კონკრეტული არაკონსტიტუციური პარტიის აკრძალვას“,- განაცხადა გორდულაძემ.

გოგა კიკალიშვილის ამავე კითხვას უპასუხა მოსარჩელე მხარის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, გიორგი კახიანმა.

„პარტიის აკრძალვა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ამ მოქალაქეების პოლიტიკური უფლებები იზღუდება. ბუნებრივია, მათ რჩებათ როგორც აქტიური, ასევე პასიური უფლებები. მათ შეუძლიათ ჩვეულებრივად გააგრძელონ პოლიტიკური საქმიანობა, შეუძლიათ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ამიტომ საკითხის ასე დაყენება, რომ პარტიების აკრძალვით შეიზღუდება მოქალაქეების უფლებები, ეს არასწორია. ეს არის მანიპულაცია, რომლითაც ცდილობენ საზოგადოებაზე გავლენების მოხდენას“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.