დავით მათიკაშვილი ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე - თუ გეოგრაფიას არ ცნობენ და საქართველოსთან მიმართებით გაბუტული ბავშვის პოზიციას იკავებენ, ეს პოზიცია და ბიუროკრატია დიდხანს ვერ გაძლებს

თუ გეოგრაფიას არ ცნობენ და საქართველოსთან მიმართებით გაბუტული ბავშვის პოზიციას იკავებენ, ეს პოზიცია და ბიუროკრატია დიდხანს ვერ გაძლებს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებას, რომლის თანახმადაც, გაფართოების საკითხებზე საქართველო მიწვეული არ არის, ხოლო დაკავშირებადობის მინისტერიალზე ქართული მხარე შედარებით დაბალ დონეზეა მიწვეული.
მათიკაშვილის თქმით, საქართველო ელოდება ღირსეულ დამოკიდებულებას და ღირსეულ მიწვევას.
„ჩვენ ველოდებით ღირსეულ დამოკიდებულებას და ღირსეულ მოწვევას. სადაც არ იქნება ღირსების პატივისცემა ქართულ სახელმწიფოსთან და ქართველ ხალხთან, ბუნებრივია, პასუხი იქნება ადეკვატური და რელევანტური. ასე რომ, ჯერ საერთოდ ნონსენსია დაკავშირებადობის საკითხებზე კონკრეტული ფორუმი, სადაც საქართველო სათანადო წესითვე არ იქნება მიწვეული ქვეყანა, რომელიც დაკავშირებადობის თვალსაზრისით წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან სეგმენტს დღევანდელ მოცემულობაში. როდესაც როგორც ჩრდილოეთის, ასევე სამხრეთის დერეფნები პრაქტიკულად ომის გათვალისწინებით არის დახურული და შუა დერეფანი არის დარჩენილი იმისთვის, რომ ევროკავშირი, ეკონომიკური თვალსაზრისით და ზოგადად ევროპა დაუკავშირდეს აზიას და პირიქით. თუკი გეოგრაფიას არ ცნობენ და საქართველოსთან მიმართებით ეს რაღაცა გაბუტული ბავშვის პოზიციას იკავებენ, ცხადზე ცხადია, რომ ეს პოზიცია, დიდხანს ვერ გაძლებს და ან ის ბიუროკრატია ვერ გაძლებს დიდხანს, რომელიც ამ პოზიციით არის შეიარაღებული“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროკომისიის პრესსპიკერის, გიომ მერსიეს განცხადებით, საქართველო გაფართოების საკითხებზე მომავალ კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე მიწვეული არ არის.
მისი თქმით, ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა მანამ ექნება შეზღუდული, სანამ ქვეყანა არსებული კურსის შეცვლის მტკიცე მზაობას არ გამოავლენს.
რაც შეეხება მომავალ ორშაბათს დაგეგმილ მინისტერიალს დაკავშირებადობის საკითხებზე, ევროკომისიის წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს მონაწილეობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ცალკე წყდება, ამიტომ აღნიშნულ შეხვედრაზე ქართული მხარე მიწვეულია, თუმცა შედარებით დაბალ დონეზე.

























