ფიქრია ჩიხრაძე - მეუფე იობის განცხადებები აჩვენებს, რომ ივანიშვილის ერთადერთი სურვილი ავტორიტეტული ინსტიტუტებისა და პერსონების განადგურებაა, რაც შეეხება ე.წ. კრებსებს, ვერავინ გასწევდა ასეთ უზარმაზარ სამუშაოს, გარდა სახელმწიფოსი

ერთადერთი სურვილი, რაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს რეალობაში ამოძრავებს, ყველა ინსტიტუციის და ყველა ავტორიტეტის განადგურებაა - ისინი აპირებენ, ეკლესიის ავტორიტეტი ბოლომდე გამოიყენონ. „ენა, მამული, სარწმუნოებაზე“ და ქრისტიანულ ღირებულებებზე გაუთავებლად ილაპარაკონ, მაგრამ აბსოლუტურად ანტიქრისტიანული საქმეები აკეთონ, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ფიქრია ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც მეუფე იობის ქადაგებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, მეუფე იობის განცხადებები ძალიან მწვავე იყო, თუმცა შესაძლოა, ეკლესიის რეაქცია დაგვიანებულიც არის იმ ყველაფერთან მიმართებაში, რაც ხდება.
„ძალიან მნიშვნელოვანი ქადაგება გახლდათ. ძალიან მწვავე შეფასებები იყო. შესაძლოა, ვიღაცამ ჩათვალოს, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ხომ არ ჰგავდა ეს ყველაფერი, მაგრამ ვინც ცოტა უფრო მეტად ადევნებს თვალ-ყურს და ცდილობს, გაანალიზოს წლების განმავლობაში შექმნილი სიტუაცია, ვფიქრობ, შესაძლოა, გარკვეულწილად, ეკლესიის რეაქცია დაგვიანებულიც არის იმ ყველაფერთან მიმართებაში, რაც ხდება. ე.წ. კრებსები, რომელიც საზოგადოებაში გავრცელდა, დომინანტურად მოიცავდა საეკლესიო პირების პირად ცხოვრებას, პირად მიმოწერას, მათ ურთიერთობებს. ეს ყველაფერი იყო ტომებად აკინძული და დაგზავნილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან. ძალიან გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, რომ ფიქრობდეს, ასეთი უზარმაზარი მოცულობის სამუშაო შეიძლება გასწიოს ვინმემ, გარდა სახელმწიფოსი. უზარმაზარი მოცულობის სამუშაოა, პრაქტიკულად, ყველა სასულიერო პირი - მღვდელი თუ მონაზონი, ბერი თუ ეპისკოპოსი, იყო ჩართული მოსმენებისა და მიყურადების პროცესში. ვის სჭირდებოდა ასეთი რამ?! ხელისუფლება რატომ იყო დაკავებული ამით?! რა ინტერესი უნდა ჰქონოდა?! ამ კრებსების გამოქვეყნება იყო ძალიან მძიმე, იმიტომ, რომ იქ უკვე ტყუილ-მართლის გარკვევა ძალიან ძნელი იყო. ძალიან მძიმე ინფორმაცია გავრცელდა საეკლესიო პირებთან დაკავშირებით.
მინდა აღვნიშნო, რომ მედიამ უამრავი რამ არ გამოიტანა სააშკარაოზე, იმიტომ, რომ ეს არ იყო სახელმწიფოებრივი ინტერესი. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ძალიან მძიმე ნაბიჯი გადადგა. ასევე სრულიად გაურკვეველი და ბუნდოვანი დარჩა ე.წ. ციანიდის საქმე, რომელიც ეკლესიის დისკრედიტაციას ეხებოდა. კონკრეტულად, კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს წინააღმდეგ იყო მიმართული. საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ვიღაც პატრიარქის მოკვლას ცდილობდა. შემდეგ ეს გადაკვალიფიცირდა და სხვა მიმართულებით წავიდა საქმე. დღემდე აბსოლუტურად ბუნდოვანია ის გარემოებები, რაშიც ვითომ ეს დანაშაული შედგა და დაიგეგმა. არსებობს მოსაზრებები და ეჭვები, რომ ე.წ. ციანიდის საქმეც იყო გარკვეული სპეცოპერაცია, რომელიც ეკლესიის შიგნით გარკვეული ფრთის თუ გარკვეული პერსონების დისკრედიტაციისთვის და ეკლესიაზე დარტყმისთვის გაკეთდა,“ - განაცხადა ჩიხრაძემ.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით მეუფე იობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ფიქრია ჩიხრაძის თქმით, „ივანიშვილს არ უნდა არც ერთი ინსტიტუცია, რომელიც შეიძლება საზოგადოებრივ აზრზე გავლენას ახდენდეს და ეკლესიაზე ძლიერ გავლენას ცოტა ინსტიტუცია თუ ახდენდა“.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები შეუნიღბავი ტექსტით გვეუბნებიან, რომ „გავლენის ინსტიტუციები, გავლენის პერსონები და გავლენის გაერთიანებები უნდა დაითრგუნოს, უნდა ამოიძირკვოს, უნდა აიკრძალოს და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ველი განეიტრალდეს“.
„ერთადერთი სურვილი, რაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს რეალობაში ამოძრავებს, ყველა ინსტიტუციის და ყველა ავტორიტეტის განადგურებაა. მე არ ვიქნები პირველი, ვინც ამას ამბობს, რომ ის უმაღლესი ნდობა, რომელიც განსვენებულ პატრიარქ ილია მეორეს ჰქონდა, ძალიან ბევრ პოლიტიკურ პერსონას, ალბათ, აშინებდა და აღიზიანებდა. ათწლეულების განმავლობაში ნდობის რეიტინგში ეკლესია და კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე პირველი იყო. ბიძინა ივანიშვილს გარკვეულ წრეებში არც დაუმალავს და მეუფე იობიც აღნიშნავს მის გამონათქვამს, რომ პატრიარქის ავტორიტეტის შეუვალობა სერიოზულ პრობლემას უქმნიდა მას მთელ რიგს საქმეებში. მაგალითად, გავიხსენოთ მარიხუანას პლანტაციის გაშენების გეგმა, რომელიც „ქართული ოცნებისგან“, პირადად ბიძინა ივანიშვილისგან წამოვიდა. ეკლესიის ძალიან მკაფიო პოზიციამ და მტკიცე სიტყვამ ადგილზე მოსხიპა, რაც ვერ მოხდა დღეს, როდესაც კაზინოსთან დაკავშირებით ასევე გამოითქვა პროტესტი, მათ შორის, ახალი პატრიარქის მხრიდანაც, მაგრამ აბსოლუტურად უდრტვინველმა „ქართულმა ოცნებამ“ კაზინოებისთვის დაწესებული შეღავათების კანონი დაჩქარებული წესით მიიღო და პრეზიდენტმაც ხელი მოაწერა. ანუ, მათ არ უნდათ არც ერთი ინსტიტუცია, რომელიც შეიძლება საზოგადოებრივ აზრზე გავლენას ახდენდეს და ეკლესიაზე ძლიერ გავლენას ცოტა ინსტიტუცია თუ ახდენდა.
იგივე შეიძლება ვთქვათ სხვა მიმართულებითაც. ისინი პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით პირდაპირ ამბობენ, რომ პარტიების გაუქმება აუცილებელია, იმიტომ, რომ ისინი ზეგავლენას ახდენენ საზოგადოებაზე. ისიც დააანონსეს, რომ თუკი ვინმე მომავალში წონას შეიძენს, ისე რომ საზოგადოებაზე გავლენა მოახდინონ, მათაც აკრძალავენ. ანუ, პირდაპირ, შეუნიღბავი ტექსტით გვეუბნებიან, რომ გავლენის ინსტიტუციები, გავლენის პერსონები და გავლენის გაერთიანებები უნდა დაითრგუნოს, უნდა ამოიძირკვოს, უნდა აიკრძალოს და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ველი განეიტრალდეს,“ - განაცხადა ჩიხრაძემ.
ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ყოველდღიური საქმიანობა აბსოლუტურად ანტიქართული და ანტიეკლესიურია და მნიშვნელოვანია, ქართულმა საზოგადოებამ დაინახოს, რეალურად როგორი ფარისევლები არიან.
„მიუხედავად იმისა, რომ კაზინოებთან დაკავშირებული შეღავათების თაობაზე პატრიარქ შიოს შეფასება საკმაოდ მკაცრი და მკაფიო იყო, ამან „ქართული ოცნება“ არ გააჩერა. მათ თავიანთ თავს უფლება მისცეს და მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიას მკვეთრად გამოხატული უარყოფითი რეაქცია ჰქონდა, მაინც დაჩქარებული წესით მიიღეს კანონი. ეს იმას ნიშნავს რომ, ისინი აპირებენ, ეკლესიის ავტორიტეტი ბოლომდე გამოიყენონ, „ენა, მამული, სარწმუნოებაზე“ და ქრისტიანულ ღირებულებებზე გაუთავებლად ილაპარაკონ, მაგრამ აბსოლუტურად ანტიქრისტიანული საქმეები აკეთონ. ძალიან მნიშვნელოვანია, გაშიშვლდეს „ქართული ოცნების“ ნამდვილი სახე და ქართულმა საზოგადოებამ დაინახოს, როგორი ფარისევლები არიან რეალურად. აბსოლუტურად ანტიქართული და ანტიეკლესიურია მათი ყოველდღიური საქმიანობა და ეს 14 წელი, რაც ხელისუფლებაში გაატარეს,“ - განაცხადა ჩიხრაძემ.
რაც შეეხება პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას, ფიქრია ჩიხრაძე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში „მთავარი ზარი უკვე გაკეთებულია“ და „ცალკეული მოსამართლეების მხრიდან ტენდენციურობა ჩანს“.
„ჩემთვის არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, მოსამართლეები კონკრეტულ მომენტში ვისთან შეიძლება გადიოდნენ კონსულტაციებს. სამწუხაროდ, მთავარი ზარი უკვე გაკეთებულია საკონსტიტუციო სასამართლოში რომ ეს სარჩელი შევიდა. დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ პროცესის მიმდინარეობის დროს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პრაქტიკულად კარნახობენ მოსამართლეებს, როგორ მოიქცნენ და უფრო მეტ სიმკაცრეს სთხოვენ. სამწუხაროდ, ცალკეული მოსამართლეების მხრიდან ტენდენციურობა ჩანს,“ - აღნიშნა ჩიხრაძემ.

























