მიტროპოლიტი იობი - დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება - განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ამ ხელისუფლებამ თავის შესაძლებლობები სრულად ამოწურა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ქადაგებისას ისაუბრა, რომელიც სოციალურ ქსელში ეპარქიის გვერდზე გავრცელდა.
როგორც მიტროპოლიტი ამბობს, „განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ“, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მისი თქმით, როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ მთავრობები იცვლება, საქართველოშიც უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში,რადგან დღეს არ იგრძნობა ეროვნული ინტერესები ქვეყანაში.
ამასთან, მიტროპოლიტ იობის თქმით, ხელისუფლება ურწმუნოა.
“დღეს რას ვხედავთ. დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიური არის. დღეს მცდელობა არის ეკლესიისა და ხელისუფლების შერწყმის. და რაში გამოიხატება ეს - გამოიხატება იმაში, რომ დაფინანსებას აძლევენ ეკლესიას და როდესაც კომფორტი იქნება სასულიერო პირებში, ძალიან რთული არის უკვე ჭეშმარიტების აღიარება. ძალიან რთული არის სულიწმიდის კარნახით იმოქმედოს სასულიერო პირმა. და ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ. დღეს ყველზე არ ვიტყვი, მაგრამ სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა. თავისი პირობებით, თავისი მომსახურებით და მრავლისთვის რთული გასაგებია, ქადაგებ რომ გაჭირვება, ქადაგებ სიღარიბე დაითმინო, ქადაგებ ვიღაცას დაეხმარო და შენ ამას არ აკეთებ - აი, როგორ შეისმენს მრევლი, სულიერი შვილები. ასე, დიდ კასტასავით ჩამოყალიბდა საქართველოში შერწყმით ხელისუფლებასთან. არაფრით არ შეიძლება“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.
მეუფე იობმა ისაუბრა მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან დაკავშირებითაც და თქვა, რომ დიდი იერარქი დღეს სიმართლეს ვერ იტყვის, რადგან ეკლესია სწორედ სახელმწიფოსგან ფინანსდება. მეუფე იობმა ისაუბრა დაფინანსების გამჭვრიბალობის აუცილებლობაზე და მრევლს მიმართა, რომ მათ უნდა იცოდნენ თითოეული თეთრის შესახებ.
“ჩვენთან ახლა დიდი იერარქი ვერ იტყვის სიმართლეს. ვერ გამოხატავს თავის დამკიდებულებას მოვლენებისადმი, რადგან ძირითადად ფინანსდება ეკლესია სახელმწიფოსგან. კარგი, ვთქვათ, დაფინანსდეს, მაგრამ იყოს გამჭვირვალე. თითეულმა თქვენგანმა, მრევლმა უნდა იცოდეთ, სად რა იხარჯება, თითუელი თეთრი სად მიდის, რას ხმარდება. შეიძლება ზოგიერთმა თქვან, რომ ყველაფერი გამჭვირვალე არისო, ჩანსო, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის, ვიცით ბევრი რამ შიგნით რა ხდება, აქედან გამომდინარე ჩვენ რაღაც რაღაცებზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ“, - განაცხადა მეუფე იობმა.
მეუფე იობმა საკუთარ ქადაგებაში ვრცლად ისაუბრა გამოწვევებზე, რომელიც მისი აზრით დღეს საქართველოს წინაშე დგას. ამასთან, მიტროპოლიტის თქმით, დღეს მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება.
„ვიცით წინა ხელისუფლება რას აკეთებდა, გასაგებია. გადაირჩია ერმა. ხალხმა გადაირჩია, მაგრამ ამ ხელისუფლებასაც ძალიან ბევრი ნაკლი აქვს. ეს არის ის ნაკლი - რომ ნარკოტიკების გავრცელება, ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილი განარკომნდა. გაძლიერდა ლუდომანია კაზინოების დაარსებით და მისი ხელშეწყობით. სწორი თქვა მისმა უწმინდესობამ, რომ ყველანაირი საშუალებით არ შეიძლება გამდიდრება, გამდიდრებას სასჯელიც მოჰყვება შესაბამისად ღვთისგან.
და ჩვენ ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ არ მივცეთ...რაღაცებზე ჩვენ უნდა ვამხილოთ. იოანე ოქროპირის ცხოვრება გვაქვს, ის იმპერატორს ამხელდა. დედოფალს ამხელდა. მაგრამ ვინ წავიდა მის წინააღმდეგ? - ხელისუფლებასთან ახლოს მყოფი იერარქები. იმპერატორმა ისინი გამოიყენა იოანე ოქროპირის საწინააღმდეგოდ. ჩვენ მაგალითებით უნდა ვისწავოთ, წმინდათა ცხოვრებიდან. ძალიან ბევრი ღირსეული მღვდელმთავარი განდევნილ იქნა ეკლესიიდან სწორედ ამ მთავრობასთან ახლო მყოფი მღვდელმთავრების ხელშეწყობით. არ შეიძლება ახლო ყოფნა. თქვენ იცით, რომ სწორედ ამ ხელისუფლების დროს მიღებულ იქნა ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელზედაც მისი უწმინდესობა, ცხონებული ილია მეორე ამბიონიდან ამბობდა, რომ არ შეიძლება უკანონობის კანონად დაკანონება. არ შეიძლება. მისი მოწოდება იყო, რომ არ შეიძლებალება მიწების გაყიდვა. არც მეფეს არც ხელისუფლებას არც პატრიარქს არ აქვს უფლება ქართული მიწები გაყიდოს. იყიდება მიწები და ე.ი. ამ მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი კეთდება, ყველაფერი იყიდება.
კი, მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ რაღაცებზე ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა უცხოეთში, სოფლები დაიცალა და სამაგიეროდ სხვა ტომის ხალხი შემოდის საქართველოში.
შეეხოთ დემოგრაფიულ საკითხებს, რა ხდება საქართველოში, სიკვდილიანობა აჭარბებს დაბადებას. განსაკუთრებით, ისეთ რეგიონებშია მატება, სადაც არაქართველები ცხოვრობენ. არამართლმადიდებლები ცხოვრობენ. თუ სტატისტიკურ მონაცემებს მოვიშველიებთ, დავრწმუნდებით , რომ ნახევარი ნახევარზე არის. ნახევარი ქართველები არიან,ნახევარი უცხოტომელები. იმასაც თუ მივათვლით, გვარგადაკეთებულ ხალხს შეიძლება უმცირესობაშიც ვიყოთ ქართველები. თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება რამდენიმე წელში უმცირესობაში აღმოჩნდეთ.სწორედ ამ დამოკიდებულებამ ამ არმოსმენამ პატრიარქისადმი... მე მახსენდება, სანამ სუს-ის კრებსები გამოიცემოდა და გამომზეურდებოდა,ესეც შეგნებულად იყო გაკეთებული, რომ ლახვარი იყო ეკლესიაზე ჩაცემული, რომ ეკლესია უნდა გაენადგურებინათ, შეელახათ მისი იმიჯი. მანამდე სანამ ამას გამოსცემდნენ, ბიძინა ივანიშვილი გამოდის, რომ პატრიარქის კრიტიკა შეიძლება, პატრიარქის ადამიანია, შეიძლება მანაც შეცდომები ჰქონდეს. ამას მოჰყვა სწორედ სუს-ის კრებსები.ამან რა გამოიწვია? ბევრი ხალხი დაბრკოლდა, ბევრმა აღარ დაიწყო ეკლესიაში სიარული. მერე შეგვპირდნენ ,რომ გამოავლენდნენ თანამდებობის პირებს, ვინც გამოიტანა კრებსები საზოგადოების წინაშე, მაგრამ ვინ გამოიძია, ვინმემ ვიცით ვინ გამოქვეყნდა ეს ყველაფერი? არ ვიცით. ასე რომ, ეს შეიქმნა, შეიძლება ზოგიერთმა თქვას, რომ თქვენ არ მოიყვანეთ ეს ხელისუფლება? თქვენ არ დაუჭირეთ მხარი? მაგრამ მე თავში ვთქვი, რომ უარესებში უკეთესი ავირჩიეთ. მაგრამ უშეცდომო არავინ არის, არც ხელისუფალი არც პიროვნება. ჩვენ თუ არ მივუთითებთ მთავრობას რა შეცდომები აქვს დაშვებული, სხვის მითითებას ისინი ვერ გაიგებენ . ჩვენში მკვიდრობს სულიწმიდის მადლი, სასულიერო პირებში. და სრული ხედვა მოვლენების გაშიფრა და გაანალიზება შეუძლია მხოლოდ სასულიერო პირს. ასე რომ, ჩვენ კი არ ვმტრობთ, რა თქმა უნდა, ბევრი კარგიც გაკეთდა, საქართველოში, მაგრამ ეს შედეგები სავალალოა.
განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. დავრწმუნდით იმაშიც, რომ მან თავის შესაძლებლობები სრულად ამოწურა - ამ ხელისუფლებამ. როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ იცვლება მთავრობები ასევე, უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში. იმიტომ რომ არ იგრძნობა, ქვეყანაში აღარ არის ეროვნული ინტერესები.
გადაყვნენ ეკონომიკურ სიძლიერეს, რომ ეკონომიურად გაძლიერდეს ქვეყანაო. ისმის კითხვა რატომ შენდება ამდენი კორპუსები, მშენებლობების ბუმია საქართველოში. ვისთვის, თუ არ ვმრავლდებით, ვინ უნდა შესახლდეს იმ კორპუსებში? - ეი.ი უცხოტომელები? არის ისეთი პროგრამა, ერის მოკვდინების პროგრამა არის სხვადასხვა ტომის შერევით სხვადასხვა კულტურის ადამიანების ჩანაცვლებით. ხომ შეიძლება სამუშაო ადგილები შეიქმნას და დასაქმდეს ახალგაზრდები, სტიმული მიეცეს ოჯახებს, დაწესდეს მესამე შვილზე 1000 ლარი, მრავალშვილიან ოჯახებს ბინა გადაეცეს? ხომ შეიძლება გაკეთდეს, პატარა ქვეყანა ვართ. ვტრაბახობთ, რომ 100 მილიარდამდე გაიზარდა შემოსავლები საქართველოში, ვის ხმარდება? ხომ ხედავთ რეები ხდება.
კორუფცია ყვავის და აღებ მიცემობაა და იჭერენ თითქმის მთელი მთავრობა ციხეში ჰყავთ, პრეზიდენტი, პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, სუს-ის უფროსი. სხვა მეზობლები ქვეყნები დაგვცინიან იცინიან ჩვენზე. ტერორიები დავკარგეთ და ხმას არავინ არ იღებს. დავით გარეჯი ჩვენთვის მეორე იერუსალიმი არის. თუნდაც იმ არაბულ ქალაქებთან დაკავშირებით რა ხდეა საერთოდ.
ახლა შემოგვაპარეს ისიც, რომ დაიგეგმა ეკლესიებში შესაწირი ტერმინალით უნდა გადაიხადოსო. ესეც ეკლესიის კონტროლი იქნება. რამდენი შესაწირი რამდენი ვისგან არის შესაწირი ეკლესიაში თანხა, სწორედ ამის გაკონტროლება უნდათ", - აღნიშნა მიტროპოლიტმა.

























