გიორგი ბუტიკაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს, უბრალოდ, არ უნდა მივიდეს ხალხი - ამ მორალისგან დაცლილ ადამიანებთან ქუჩისა და წინააღმდეგობის გარდა გზა არ არსებობს

„ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს, უბრალოდ არ უნდა მივიდეს ხალხი არჩევნებზე - ამ მორალისგან დაცლილ ადამიანებთან ქუჩის გარდა და წინააღმდეგობის გარდა [გზა] არ არსებობს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პარტიებს აკრძალავს, მათი რეალური სახე გამოჩნდება - რაზე არიან წამსვლელები ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
„თუ აკრძალეს პარტიები, უფრო მეტი ძალისხმევა მოუწევთ ინდივიდუალურად ლიდერებსაც, არალიდერებსაც, ნებისმიერ წარმომადგენელსაც. ცხადია, ეს[პარტიების აკრძალვა] ეთერებში საზოგადოებასთან კომუნიკაციას შეაჩერებს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პარტია და პარტიის წევრები დაუბრუნდებიან იმ პოლიტიკურ ანბანს, რაც არის ადამიანებთან, ხალხთან საუბარი. რაღაც აკრძალვები, ხშირად უფრო კარგად აჩენს იმ სიმართლეს და რა ტყუილშიც გვაცხოვრებს „ქართული ოცნება“. „ქართულმა ოცნებამ“ ამ ნაბიჯებით გამოაჩინა მათი რეალური სახე, რაზე არიან წამსვლელები, მათ შორის ძალაუფლების შესანარჩუნებლად და რაზე არიან წამსვლელები ადამიანის უფლებების ხელყოფისთვის. ეს სიმართლე საზოგადოებას ბევრად უფრო მეტად ფხიზელს აჩენს. ასე მოვიდა „ქართული ოცნება“ დღემდე, რომ თურმე ის პრაგმატულ პოლიტიკას ეწეოდა და ეს არგუმენტაცია ეცლება. მე უფრო მართალი ვიქნები იმ ადამიანებთან, ვისთანაც ინტერაქციაში შევდივარ.
„ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს. „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ მოასუფთაოს ველი, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ისე დაარეგულიროს, რომ მხოლოდ პუტინსა და პუტინს შორის იყოს არჩევნები, ამას აკეთებს. პროდასავლურ პარტიებს კრძალავს და ტოვებს ერთადერთ შესაძლებლობას, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა ისეთმა პარტიებმა, რომლებიც ან პრორუსულები არიან ან თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ან შეფარული კონსერვატორები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ველის მარიონეტები არიან. შესაბამისად, ამას როცა გისპობს, ის არჩევნები არ უნდა ჩატარდეს. ამის ახსნა სჭირდება საზოგადოებას, რომ იმ არჩევნებს, რასაც „ქართული ოცნება“ ჩაატარებს, არჩევნები არ შეიძლება ეწოდოს“, - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

























