გიორგი ტუმასიანი - მოსკოვში სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების განსახილველად მივდივარ, ჩემ თავს წარმოვადგენ და არავის სხვას, ეს არც „ჯერ საქართველოსთან“ კავშირში არ არის

პარტია „ჯერ საქართველოს“ მრჩეველი, გიორგი ტუმასიანი აცხადებს, რომ რუსეთში სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების განსახილველად მიემგზავრება და წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს, ხოლო ვიზიტს „ჯერ საქართველოსთან” კავშირი არ აქვს.
მისი თქმით, მოსკოვში ჩასვლა დააანონსა, რათა „საიდუმლო ვიზიტად“ არ ყოფილიყო გაგებული.
„დაბრუნებისთანავე მზად ვარ ინტერვიუ მივცე მედიას და დეტალურად ავხსნა ყველაფერი. წინასწარ განვაცხადე, რომ საიდუმლო ვიზიტად არ შერაცხულიყო და რომ საჯაროდ ცნობილი ყოფილიყო სად ვარ და რომ რამდენიმე დღეში ვაპირებ დაბრუნებას!
სომხურ მედიასაც მივცემ ინტერვიუს ცხადია, რადგან სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების განსახილველად მივდივარ. ჩემ თავს წარმოვადგენ და არავის სხვა, მათ შორის არც ჯერ საქართველოსთან ეს საერთოდ კავშირში არ არის და არც არავისთან”, - წერს ტუმასიანი.
მანამდე ტუმასიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ხვალ პირველად მიემგზავრება რუსეთში, მოსკოვში, „მაღალი დონის შეხვედრებისთვის“.
„ჩემი დღის წესრიგის მთავარი საკითხებია სომხეთის სახელმწიფოებრიობა, უსაფრთხოება, დამოუკიდებლობა, მთლიანობა და თავისუფლება. სომხეთს და რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობები გააჩნიათ და მე როგორც სომხეთის პოლიტიკაში ჩართული პირი, აუცილებლად მიწევს მათთანაც საუბარი. ცხადია, არასდროს მავიწყდება საქართველოც, კერძოდ საქართველოს სახელმწიფოებრიობა, უსაფრთხოება, დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და თავისუფლებაც.
დანარჩენ დეტალებს რამდენიმე დღეში, ერევანში დაბრუნების შემდეგ გაგაცნობთ“, - დაწერა ტუმასიანმა.

























