12-14 ნოემბერს, თბილისში, საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია გადაუდებელ მედიცინასა და ინტენსიურ თერაპიაში - გაიმართება

12-14 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია - გადაუდებელ მედიცინასა და ინტენსიურ თერაპიაში - ინტერდისციპლინური პრინციპული საკითხების გათვალისწინებით და სიცოცხლის გადასარჩენად - გაიმართება.
სამდღიანი ღონისძიება მიზნად ისახავს გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის სფეროში თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და ინოვაციური მიდგომების განხილვას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და სამედიცინო პროფესიონალებს შორის ინტერდისციპლინური თანამშრომლობის გაძლიერებას.
კონფერენციის მთავარი ფოკუსი იქნება პაციენტისთვის დროული, ეფექტიანი და უწყვეტი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა - პრეჰოსპიტალური ეტაპიდან ჰოსპიტალურ და ინტენსიურ თერაპიამდე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კრიტიკული მდგომარეობების მართვის თანამედროვე სტანდარტებს, სამეცნიერო კვლევების კლინიკურ პრაქტიკაში ინტეგრაციას, ციფრულ ტრანსფორმაციასა და სიცოცხლის გადარჩენის ინოვაციურ მეთოდებს.
კონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა გადაუდებელი დახმარების სხვადასხვა რგოლის - სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ჰოსპიტალური სერვისებისა და ინტენსიური თერაპიის - ეფექტიანი კოორდინაცია. ამ პროცესში გადამწყვეტია სხვადასხვა სპეციალობის ექიმების, ექთნების, მკვლევრებისა და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლების ერთობლივი მუშაობა.
ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებს გადაუდებელ მედიცინასა და ინტენსიურ თერაპიაში, ასევე პაციენტის მოვლის ადგილზე ვიზუალიზაციის თანამედროვე მეთოდებს.
კონფერენციის საპატიო პრეზიდენტია მარია თეოდორაკოპულუ (Maria Theodorakopoulou), მედიცინის დოქტორი, ათენის ატიკის გენერალური საავადმყოფო „KAT“-ის ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი და გადაუდებელი და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის დირექტორი, ათენის ეროვნული და კაპოდისტრიული უნივერსიტეტის აფილირებული სპეციალისტი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიზიტიორი პროფესორი. იგი ინტენსიური თერაპიის მედიცინის ევროპული საზოგადოების (ESICM) არჩეული პრეზიდენტი და საბერძნეთის ინტენსიური თერაპიის მედიცინის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტია.
ღონისძიება აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ. მონაწილეებს მიენიჭებათ 18 უწყვეტი პროფესიული განვითარების (უპგ) ქულა.
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.
ღონისძიება 12–13 ნოემბერს სასტუმრო „პარაგრაფ გოლფი და სპა თაბორში“ (ნადიკვარი II), ხოლო 14 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (ვაჟა-ფშაველას გამზირი №33) გაიმართება.
ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

























